Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩაიშალა "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის" მიერ ორგანიზებული სემინარი


საკონფერენციო სივრცე "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული სემინარის შეწყვეტის შემდეგ. 20 ივნისი, 2022 წელი
საკონფერენციო სივრცე "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული სემინარის შეწყვეტის შემდეგ. 20 ივნისი, 2022 წელი

თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროში, შეწყდა ორგანიზაცია „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ დაგეგმილი სემინარი.

როგორც სემინარის ორგანიზატორმა ალექსანდრ ბეჟენცევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტრენინგს, ძირითადად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის მართავდნენ, სემინარის თემა კი ეთნიკური უმცირესობები დაცვა იყო. პროგრამის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წვლილი მეორე მსოფლიო ომში.

ბეჟენცევის განმარტებით, ადგილზე მედიის გამოჩენის და სემინარით დაინტერესების შემდეგ, მონაწილეებმა სასტუმროს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს ჩვენ ვატარებთ სემინარს, რომლის მთავარი საკითხი იყო ეთნიკური უმცირესობების თემა. მოვიწვიეთ ჩვენი ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქე რუსეთის დიასპორის წარმომადგენლები. ტრენინგი რუსულ ენაზე იყო. არავითარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვაფინანსებდა, არავითარი პროპაგანდა არ ყოფილა. გვაფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაცია "უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი", ვინ აფინანსებს ამ ფონდს, არ ვიცი, ალბათ, სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა. არავითარი პოლიტიკური საკითხები აქ არ დასმულა. უნდა გველაპარაკა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, უპირატესად ევროპულ სტანდარტებზე. ასევე ჩვენი დიასპორის მდგომარეობაზე, არავითარ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ ყოფილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდ ბეჟენცევმა, რომლის თქმითაც, მედიის წარმომადგენლების „შეცვენის“ შემდეგ, სემინარის მონაწილეებს „შეეშინდათ და ჩაგვიშალეს ღონისძიება, ეს არის დემოკრატიული?!“

ბეჟენცევის თანახმად, ერთადერთი, რაც „პროპაგანდად“ შეიძლება მიეჩნიათ, "დიდ სამამულო ომში საქართველოს მონაწილეობაზე საუბარი იყო," რაც, მისი თქმით, „პროპაგანდა არაა“.

სემინარის პროგრამა
სემინარის პროგრამა

„უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის" მიერ დაფინანსებული ერთდღიანი სემინარის დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი თემები იყო:

  • დიდი სამამულო ომის ფალსიფიცირების და ისტორიის გამრუდების მცდელობის წინააღმდეგ საუბარი, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს, გულბაათ რცხილაძეს მიჰყავდა;
  • „რუსული თემი საქართველოში და მისი პერსპექტივები“;
  • „ეთნიკური უმცირესობების უფლებების საერთაშორისო სტანდარტები და მათი დაცვა".

სემინარის შესახებ სააგენტო "სოვას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია რამდენიმე ციტატა, თუ რაზე მიმდინარეობდა საუბარი: „მთელი ლექციის განმავლობაში ევრაზიის ფონდის დირექტორი საუბრობდა საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების გადარჩენაში“, - წერს "სოვა"

„ამბობენ, რომ საქართველოსთვის არც ისე ცუდი იქნებოდა, თუ ნაცისტური გერმანია გაიმარჯვებდა. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ წარმოედგინათ გერმანელებს ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მომავალი. საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში ძირძველი მცხოვრებლების ადგილი აღარ რჩებოდა, მათ შორის, ეს ეხება კავკასიას, ამიერკავკასიას და საქართველოს. ანუ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ დღეს ისინი ისტორიის გადაწერას ცდილობენ“, - ციტირებდა რცხილაძე კრემლის პროპაგანდას“, - აღნიშნავს სააგენტო „სოვა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) თანახმად, “რუს ახალგაზრდათა კავშირი საქართველოში" 2004 წლიდან ფუნქციონირებს, მისი ხელმძღვანელი ალექსანდრ ბეჟენცევი, ასევე არის რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და ხელმძღვანელობს "საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრს". "სამართლებრივი დაცვის ცენტრს" აფინანსებს "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.

2018 წელს თბილისში "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის" მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი” უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. მაშინ „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ." ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სოციალურ ქსელებში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG