Accessibility links

site logo site logo

პესკოვი არ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინაში დატყვევებულ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ვეტერან ამერიკელ სამხედროებს არ დაემუქრებათ სასიკვდილო განაჩენი, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"მე გარანტიებს ვერ მოგცემთ. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული", - თქვა პესკოვმა MSNBC-თან ინტერვიუში, რომელსაც ინტერფაქსი ციტირებს.

პესკოვის თქმით, ამერიკელ სამხედროებს უკრაინის არმიასთან კავშირი არ აქვთ, ამიტომ ისინი არ ექვემდებარებიან ჟენევის კონვენციების დებულებებს. პესკოვის თანახმად, ამერიკელი სამხედროები უკრაინაში უკანონო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

15 ივნისს ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მოხალისედ მებრძოლი ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდრე დრიუკი და ენდი ტაი ნგოკ ჰიუინი, ხარკოვის მახლობლად დაატყვევეს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენლებთან, რათა ინფორმირებული იყოს უკრაინაში რუსების მიერ დატყვევებული ამერიკელი სამხედროების მდგომარეობის შესახებ.

9 ივნისს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) "უმაღლესმა სასამართლომ" სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ უცხოელს, ორ ბრიტანელ მოქალაქესა და ერთ მაროკოელს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იღებდნენ მონაწილეობას უკრაინის დაცვისთვის მიმდინარე ბრძოლებში.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ყველა უცხოელს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, აქვთ "კომბატანტების" სამართლებრივი სტატუსი და ტყვეობაში სარგებლობენ სამხედრო ტყვეების უფლებებით. ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ ძალადობა, დაშინება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG