Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად"


არქივის ფოტო: კულტურის სამინისტრო
არქივის ფოტო: კულტურის სამინისტრო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად". მისი მიზანი, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის გამოცხადების ფონია ეროვნული მუზეუმიდან ათობით მეცნიერის, მათ შორის არქეოლოგების გათავისუფლება და მათი პროტესტი.

სამინისტრო ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის 20 000 ლარს დახარჯავს. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა არქეოლოგები გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად იმუშავებენ. 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის შედეგები 13 ივლისს გახდება ცნობილი.

კონკურსს სამინისტრო მეორედ ატარებს. გასულ წელს ამ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 4 პროექტი:

  • „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“;
  • „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“;
  • „უნდო კლდე 1-ის დათარიღება და სტუდენტების პრაქტიკა: სწავლება კვლევასთან ერთად“;
  • ,,ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად“.

ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს 21 მეცნიერ-თანამშრომელი გაათავისუფლეს - მათ სამუშაო ხელშეკრულებები 1 ივნისს გაუუქმდათ. ეროვნული მუზეუმიდან ასევე დაითხოვეს კონსულტანტების სტატუსით გაფორმებული ასაკოვანი მეცნიერები, რომელთა ხელფასი 160 ლარს შეადგენდა. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა არქეოლოგია.

ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერ-თანამშრომელთა გათავისუფლების ბრძანებებს ხელს გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს. მას ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნასა და განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. სამსახურიდან დათხოვნილი მეცნიერების უმეტესობა გაწევრიანებულია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებში, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას წინ უძღოდა გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, მუზეუმის მართვის დირექტორატისთვის გადაბარება და ახალი სამეცნიერო საბჭოს არჩევა.

კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტებულმა დირექტორატმა 2022 წლის თებერვალში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტების შეჩერება მოსთხოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სამწლიანი კვლევები დასაფინანსებლად კონკურსის წესით ჰქონდა შერჩეული. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება - ფონდებში მუშაობისა და ველზე ექსპედიციებისთვის მათ ნებართვა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან უნდა მიიღონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG