Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბრაზილიასთან მატჩით გახსნის მსოფლიოს ჩემპიონატს


დღეს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება წყალბურთში. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. სერბი დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნის ნაკრებებთან ერთად ჩაებმება.

საქართველოს ნაკრებმა უმთავრესი სანაკრებო ფორუმის საგზური სამი თვის წინ მიიღო სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელმაც ფინალური ეტაპის ერთი მონაწილე - რუსეთი ჩემპიონატიდან მოკვეთა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო. რუსებს მსოფლიოზე თამაში ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილის დაკავებით ჰქონდათ განაღდებული. იმ ევროპირველობაზე მეცხრეზე გერმანია გავიდა, ხოლო მეათეზე - საქართველო. გერმანია მუნდიალზე ისედაც მიემგზავრებოდა და რუსეთის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი საქართველომ შეავსო.

უნგრეთის დედაქალაქში, ალფრედ ჰაიოსის სახელობის ცურვის ეროვნულ არენაზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველი წყალბურთელები ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფის საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბრაზილიის გარდა, მონტენეგროსა და უნგრეთსაც შეხვდება. 23 ივნისს გაიმართება მატჩი მონტენეგროსთან და 25 ივნისს - უნგრეთთან.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, თექვსმეტი მონაწილე ოთხ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. B ჯგუფში ითამაშებენ იაპონია, საბერძნეთი, გერმანია და ხორვატია, C ჯგუფში - იტალია, კანადა, სამხრეთი აფრიკა და ესპანეთი, D ჯგუფში - ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და სერბეთი.

ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული ნაკრებები უმალ გაინაღდებენ მეოთხედფინალის საგზურებს. მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი მერვედფინალურ წყვილებს შეადგენენ.

ბრაზილიასთან მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველი არხით გადაიცემა. აქვე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაც მსოფლიოს ჩემპიონატზე: ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG