Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ლიეტუვას „სერიოზული პასუხით“ ემუქრება


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2015 წელი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2015 წელი

18 ივნისს ლიეტუვის მიერ რუსული ტვირთების კალინინგრადის გავლით ტრანზიტის აკრძალვის პასუხად, რუსეთის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს ლიეტუვის ელჩი, მარკუს ედერერი.

21 ივნისს კრემლმა კალინინგრადში მიავლინა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ლიეტუვის მოსახლეობას საპასუხო ნაბიჯით დაემუქრა.

„მსგავს მტრულ ქმედებაზე რუსეთი, უდავოდ, მოახდენს რეაგირებას. შესაბამისი ზომები მზადდება უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს ხანში იქნება მიღებული. მათი შედეგი სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მოსკოვის ასეთი გაღიზიანება მოჰყვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას აღარ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილი საქონლით დატვირთული ეშელონები.

მაგრამ ლიეტუვის სარკინიგზო კონცერნ LTG-ის თავმჯდომარემ, მანტას დუბაუსკასმა, განაცხადა, რომ მისი კომპანია ყოველ მიზეზ გარეშე განახორციელებს ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ძალაში სრულად ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში უნდა შესულიყო.

“გამარტივებული ტრანზიტის“ დასასრული

რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, კალინინგრადის სატრანზიტო პროგრამა რუსეთის ტერიტორიიდან კალინინგრადის ოლქში ლიეტუვის გავლით და უკან ადამიანებისა და საქონლის გამარტივებულ ტრანზიტს მრავალი წლის განმავლობაში შეუფერხებლად უზრუნველყოფდა.

ეს არ არის კალინინგრადის სრული იზოლაცია, რადგან რეგიონი ზღვასთან მდებარეობს და მასთან წვდომა შეიძლება როგორც წყლით, ისე ჰაერით. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ან სხვა საქონელი კალინინგრადამდე საერთოდ ვერ ჩააღწევს...
ვაიდას მატულაიტისი

გამარტივებული სატრანზიტო პროგრამა 2003 წლიდან მოქმედებდა და ევროკავშირის წევრ ლიეტუვის გავლით თვეში კალინინგრადში დაახლოებით 100 სატრანზიტო მატარებელი მიემართებოდა. ლაპარაკია როგორც რუსულ ტვირთებზე, ისე ბელარუსულზე, რომელიც ლიეტუვის მოსაზღვრე ბელარუსის გავლით ხვდებოდა რუსულ ექსკლავ კალინინგრადში.

ამიერიდან ლიეტუვამ შეაჩერა გარკვეული დასახელების რუსული საქონლის ტრანზიტი რკინიგზის საშუალებით. ვილნიუსის ეს გადაწყვეტილება პირველად გასულ ხუთშაბათს გააპროტესტა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა, რომლის განცხადებითაც, რეგიონი თავისი მთელი სატრანზიტო ტვირთების 40-45%-ს დაკარგავს.

„ამ ნაბიჯს ჩვენ ვაფასებთ, როგორც კალინინგრადის ოლქში თავისუფალი შესვლისა და გასვლის უფლების უხეშ დარღვევას“, - განაცხადა ტელეგრამის საშუალებით ალიხანოვმა.

მას მალე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაც აუბა მხარი.

„ეს გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტოა და ყველანაირი ნორმის დარღვევას წარმოადგენს. აქ, რა თქმა უნდა, არის ბლოკადის ელემენტი“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

ამ განცხადების პასუხად პესკოვს ლიეტუვიდან შეახსენეს, რომ ეს არ არის არავითარი ბლოკადა და საქმე ეხება მხოლოდ გარკვეული საქონლის რკინიგზით ტრანზიტის შეზღუდვას.

„ეს არ არის კალინინგრადის სრული იზოლაცია, რადგან რეგიონი ზღვასთან მდებარეობს და მასთან წვდომა შეიძლება როგორც წყლით, ისე ჰაერით. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ან სხვა საქონელი კალინინგრადამდე საერთოდ ვერ ჩააღწევს“, - უთხრა ლიეტუვის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის კორესპონდენტმა ვაიდას მატულაიტისმა რადიო თავისუფლებას.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 2022 წლის 22 აპრილი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 2022 წლის 22 აპრილი

ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყების წინ, ორშაბათს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განმარტა, რომ მისმა ქვეყანამ ამ ტრანზიტის აკრძალვით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციები შეასრულა.

„პირველ რიგში, ამას ლიეტუვა კი არ აკეთებს, ეს არის ევროპის სანქციები, რომლებიც 17 ივნისიდან ამოქმედდა. ხოლო უწყება, რომელიც ამ სანქციებს ახორციელებს, არის ლიეტუვის რკინიგზა, რომელმაც წინასწარ აცნობა თავის კლიენტებს, რომ სანქციების ქვეშ მოხვედრილ პროდუქციას აღარ მიეცემა ლიეტუვის გავლით ტრანზიტის საშუალება“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კერძოდ, ლიეტუვის გავლით აიკრძალა შემდეგ სახის რუსული (ბელარუსული) საქონლის ტრანზიტი:

  • ბუნებრივი გაზის გათხევადების ტექნოლოგიური დანადგარები, საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობაში გამოსაყენებელი პროდუქტი;
  • თუჯისა და ფოლადის პროდუქცია;
  • სუფთა სისხლის ცხენები, ტრიუფელი, სიგარები და პარფიუმერია;
  • ე.წ. ფუფუნების საგნები: 750 ევროზე ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 1000 ევროზე ძვირი ხმის ჩამწერი მოწყობილობა და 1500 ევროზე ძვირი მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა.

„სანქციების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ფოლადსა და სხვა მეტალის ნაკეთობაზე აკრძალვა გაფართოვდება და მას 10 ივლისიდან დაემატება ცემენტი და სპირტი, აგვისტოდან - ნახშირი და რეაქტიული საწვავი, ხოლო 5 აგვისტოდან - ნავთობი“, - ამბობს ვაიდას მატულაიტისი.

რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეულ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტოს ადომენასმა განაცხადა, ლიეტუვა ევროკომისიისგან ელის განმარტებას ევროპული სანქციების რეჟიმის ამოქმედებაზე კალინინგრადისთვის განკუთვნილ კომერციულ ტრანზიტთან დაკავშირებით.

რუსეთის მუქარა და პატრუშევის ვიზიტი კალინინგრადში

რუსეთი, რომელიც ვილნიუსის ამ ნაბიჯს „პროვოკაციულსა“ და „ღიად მტრულს“ უწოდებს, ლიეტუვისგან სატრანზიტო ტვირთების რკინიგზით მოძრაობის აკრძალვის „დაუყოვნებლად გაუქმებას“ ითხოვს.

„თუ უახლოეს ხანში ლიეტუვის გავლით, რუსეთის დანარჩენ ტერიტორიასა და კალინინგრადს შორის სრული სახით არ აღდგება სატვირთო ტრანზიტი, მაშინ რუსეთის იტოვებს უფლებას იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კალინინგრადის დაბლოკვაზე რუსეთის პასუხი სერიოზული იქნება და მას იგრძნობს ლიეტუვის მოსახლეობა, - განაცხადა 21 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით კალინინგრადში ჩავიდა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის უსაფრთხოების საკითხებზე ოპერატიული თათბირის გასამართავად.

ნიკოლაი პატრუშევი. 2022 წლის 15 მარტი
ნიკოლაი პატრუშევი. 2022 წლის 15 მარტი

რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ პატრუშევის ჩასვლა კალინინგრადში ლიეტუვის გადაწყვეტილებამდე იგეგმებოდა და „პირდაპირ ამ მოვლენებს არ უკავშირდებაო“.

მაგრამ ლიეტუვაში პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მაღალჩინოსნის, წარსულში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის ჩასვლას სერიოზულ გამოწვევად აღიქვამენ კალინინგრადის ოლქში დაწყებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი მანევრების გამო.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, მანევრებში მონაწილეობს დაახლოებით 1000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილების 100-ზე მეტი სპეციალური და საბრძოლო ტექნიკა.

ამ ძალის დემონსტრირების ფონზე, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ „კალინინგრადში ნეიტრალიზებულ იქნა გერმანული ავტონომიის განვითარების პროექტი“ და გამოაშკარავდა პოლონეთის სპეცსამსახურების მიერ ისეთი ინფორმაციის შეგროვება, „რომელსაც რუსებს შორის უკმაყოფილების ინსპირირება“ უნდა გამოეწვია.

შეუძლებელია, რომ კალინინგრადში შექმნილი ვითარება უკრაინაში ომით გამოწვეულ სიტუაციას შევადაროთ. ის რაც კალინინგრადში ხდება, დანარჩენ მსოფლიოზე არ ახდენს გავლენას. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, რაც უკრაინაში ხდება...
ჟოზეფ ბორელი

„ამ დღეებში ლიეტუვის მედია ბევრს წერს იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება საპასუხოდ სუვალსკის დერეფნის ბლოკირებას შეეცადოს. ეს არის დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძის მიწის მონაკვეთი, რომელიც კალინინგრადს ჰყოფს ბელარუსისგან და რომელსაც ნატოს საზღვრის „აქილევსის ქუსლს“ უწოდებენ“, - უთხრა ვაიდას მატულაიტისმა რადიო თავისუფლებას.

ლიეტუვაში სხვა არასასურველ სცენარსაც არ გამორიცხავენ რუსეთის მიერ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე.

მაგრამ ლიეტუვის მიერ კალინინგრადისკენ მიმავალი რუსული ტვირთების ბლოკირების გამო, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჯერჯერობით არ ვარაუდობს რუსეთთან ურთიერთობაში მორიგი დაძაბულობის ფაზის დადგომას.

20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მისულმა ბორელმა არაკორექტული უწოდა კალინინგრადის გარშემო შექმნილი ვითარების უკრაინასთან შედარებას.

„შეუძლებელია, რომ კალინინგრადში შექმნილი ვითარება უკრაინაში ომით გამოწვეულ სიტუაციას შევადაროთ. ის რაც კალინინგრადში ხდება, დანარჩენ მსოფლიოზე არ ახდენს გავლენას. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, რაც უკრაინაში ხდება“, განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
  • კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
  • ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG