Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად


ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი.

წარმატების მისაღწევად საქართველო - რომელიც იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა - უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

„საქართველოს აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები - ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან უნდა შექმნას მკაფიო გზა სტურქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად დაადგენს აუცილებელ რეფორმებს, პროცესში ჩართავს სამოქალაქო სექტორს და დაიმსახურებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომაზე.

ევროპული კომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ უნდა მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა დაუბრუნდეს და შეაფასოს, რამდენად დააკმაყოფილებს ქვეყანა პირობებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე, ისაუბრა უკრაინის „უზარმაზარ პროგრესზე“, ევრომაიდნის შემდეგ. რის გამოც, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„იმ პირობით, რომ ქვეყნის ლიდერი დარჩება აღებულ კურსზე, და ამაში ეჭვი არ მეპარება, გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ განახორციელოს ეს მოთხოვნები“.

მისივე თქმით, რამდენად შორს წავლენ და რამდენად სწრაფად უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დამოკიდებული იქნება, პირველ რიგში, მათივე ქმედებებსა და პროგრესზე და ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა.

„უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება, მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ევროპა“, - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა: „ახლა გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მისაღებია. ევროკავშირის მთელი ისტორია ახალგაზრდა დემოკრატიების ერთობლივი გაძლიერებაა. ეს არის გერმანიის თავიდან დაბადების ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ; საბერძნეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ისტორია, დიქტატორობიდან დემოკრატიისკენ 1970-იან წლებში; ეს არის დემოკრატიის აღზევება, რომელმაც ჩამოხსნა რკინის ფარდა 1990-ში. ეს არის შერიგების გრძელი გზა დასავლეთ ბალკანეთში. მე მჯერა გზის, რომელმაც უნდა შემოიყვანოს ბალკანეთის 6-ვე ქვეყანა ევროკავშირში. შემდეგი თავი კი იწერება ახლა უკრაინის მამაცი ხალხის მიერ, ყველა ჩვენგანის მიერ, ვინც უნდა ახლდეს მათ ევროპულ გზაზე.

კვლავ, მჯერა, რომ ეს ევროპის მომენტია და ჩვენ მას გამოვიყენებთ.

გაუმარჯოს ევროპას!“.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG