Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში?


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი. 2022 წლის 18 თებერვალი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი. 2022 წლის 18 თებერვალი

ბელარუსის არმია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომში არ მონაწილეობს, მაგრამ ომის პირველ ეტაპზე სწორედ ბელარუსის ტერიტორიის გავლით ახორციელებდა უკრაინაზე შეტევას რუსეთის ჯარი, რომელიც ამჟამადაც ბელარუსის ტერიტორიიდან უშენს რაკეტებს უკრაინის არმიის პოზიციებს.

სამხედრო ექსპერტებსა და დამკვირვებლებში კვლავ მსჯელობის საგანია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ბელარუსი სამხედროების მონაწილეობა. ამ თემის გააქტიურება ბელარუსის სამხედრო უწყების მიერ უკრაინის საზღვართან გამოცხადებულმა სამობილიზაციო წვრთნამ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბელარუსში ვიზიტმა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად სამოკავშირეო სახელმწიფოს რეგიონების ფორუმში მონაწილეობა სახელდება, რამდენიმე ექსპერტი ვარაუდობს, რომ პუტინი ბელარუსში ჩადის სწორედ იმიტომ, რომ ლუკაშენკასგან ომში ჩაბმის გარანტიას მიაღწიოს.

„პუტინისათვის უკიდურესად აუცილებელია, რათა ბელარუსმა გახსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები“, - განაცხადა უკრაინელმა ანალიტიკოსმა, ოლეგ ჟდანოვმა.

ლუკაშენკა დასავლეთ უკრაინისათვის ბრძოლისთვის ემზადება?

რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩაბმული უკრაინის ხელისუფლება ცოტა ხნის წინ შეაშფოთა მეზობელ ბელარუსში 14 ივნისიდან დაწყებულმა შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო წვრთნებმა, რასაც თან ახლდა ქვეყნის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას საომარი რიტორიკა. როგორც გამოცემა „ზერკალო“ წერდა, ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ არ გამორიცხა, რომ ბელარუსს მოუწევს ბრძოლა დასავლეთ უკრაინისთვის, რათა ის „დასავლეთმა არ წაჭრას“.

„ისინი (დასავლეთის ჯარები) დასავლეთ უკრაინიდან ან რომელიმე სხვა მხრიდან შემოვლენ. და კიდევ შეიძლება დასავლეთ უკრაინისთვისაც მოგვიწიოს ომი, რომ არ წაგვგლიჯონ. ამიტომ ეს ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის. ირგვლივ საშინელი პროცესები დაიწყო“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსში დაწყებულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებასა და ლუკაშენკას ასეთ მილიტარისტულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და შესაბამის სამსახურებს პრევენციული ზომების მიღება დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის ტერიტორიიდან ახალი თავდასხმის შესაძლო საფრთხის გამო, შესაბამის სტრუქტურებს დაავალა მზადყოფნის შემოწმება ბელარუსთან მოსაზღვრე 4 ოლქში. ამის შესახებ 16 ივნისს, ღამით განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა. მას კონკრეტული ოლქები არ დაუსახელებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მზადყოფნის დონის შემოწმება გავრცელდება ბელარუსის მოსაზღვრე თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ვინაიდან ჯამში ბელარუსს ხუთი - ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, როვენისა და ვოლინის - ოლქი ესაზღვრება.

დანილოვის ინფორმაციით, პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე შეაფასეს ბელარუსის არმიის დღევანდელი მდგომარეობა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების სავარაუდო რაოდენობა და შესაძლო გეგმები.

სხვა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტთან დახურული შეხვედრის შესახებ მედიაში არ გავრცელებულა, მაგრამ სამხედრო მიმომხილველებს ღია წყაროების საშუალებით აქვთ გარკვეული ინფორმაცია, ბელარუსის ტერიტორიაზე ამჟამად თავმოყრილი რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ.

იური დრაკახრუსტი
იური დრაკახრუსტი

„ამჟამად თითქოს რუსეთის ჯარების და ტექნიკის დიდი ნაწილი ბელარუსიდან გაიყვანეს, მაგრამ არა ყველაფერი. იქ იყო სიტუაცია, როდესაც ბელარუსის ტერიტორიიდან, ბოლოსწინა სარაკეტო დარტყმა, თუ არ ვცდები, 16 აპრილს განხორციელდა. ხოლო ახლახან, 9 ივნისს რამდენიმე თვითმფრინავი კვლავ გაფრინდა ჟიტომირისკენ, დაბომბა და უკან გამობრუნდა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საერთაშორისო მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების შემდეგ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა კიდევ ერთი, ამჯერად სამობილიზაციო წვრთნის ჩატარება უკრაინის საზღვარზე მდებარე გომელის ოლქში. იგი 22 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება.

წინა სწავლებებისგან განსხვავებით, ამჟამად წვრთნაში ჩაბმულ მოქალაქეებს სამხედრო ნაწილებში კი არ გაუშვებენ სამსახურის გასაგრძელებლად, არამედ სამობილიზაციო კონტინგენტის დაკომპლექტების შემდეგ ყველა სამხედროვალდებული სახლში დაბრუნდება და იქ დაელოდება საჭირო ბრძანებას.

ამჟამად ბელარუსის სამხრეთ საზღვრის, მათ შორის, გომელის ოლქის დაცვა ხდება გაძლიერებულ რეჟიმში, მუშავდება კომპლექსური ღონისძიებები, მიმართული შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ, გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის, გზები და რკინიგზები, - ნათქვამია ბელარუსის სამხედრო უწყების განცხადებაში.

პუტინის ვიზიტი და საგონებელში ჩავარდნილი ლუკაშენკა

ასეთი გაძლიერებული სამხედრო წვრთნის ფაზაში ხვდება ბელარუსი რუსეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტს. პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში პირველად ტოვებს ქვეყნის საზღვრებს, რათა 30 ივნისიდან 1 ივლისამდე ბელარუსში დაგეგმილ სამოკავშირეო სახელმწიფოთა რიგით მე-9, რუსულ-ბელარუსულ რეგიონულ ფორუმში მიიღოს მონაწილეობა.

კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასეთია რუსეთის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის ოფიციალური დღის წესრიგი. პუტინი ფორუმს ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად დაესწრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონების მომდევნო ფორუმი რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მონაწილეობით კიდევ უფრო ღრმა ახალ იმპულსს მისცემს რეგიონთაშორის თანამშრომლობას“, - აღნიშნა მომავალი ფორუმის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, რომელიც 20 ივნისს მინსკში თავის ბელარუს კოლეგას, რომან გოლოვჩენკოს შეხვდა.

ის ფაქტი, რომ პუტინი უკრაინასთან ომის დროს ბელარუსში ორი დღით ვიზიტისთვის იცლის, ანალიტიკოსების თქმით, ორ რამეზე მიუთითებს. რუსეთის ირგვლივ სულ უფრო მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სასურველი სტუმარია, და მეორე: პუტინი შეეცდება დაითანხმოს თავისი ბელარუსი კოლეგა ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე.

ოლეგ ჟდანოვი
ოლეგ ჟდანოვი

„საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაცია სულს ღაფავს. და რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს დღეს ვითარება ლუგანსკში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას (რუსეთს) არ აქვს შეტევითი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილ-მაისში ჰქონდა. დღეს რუსეთს არ აქვს ოპერატიული რეზერვი, მისი შექმნისთვის საჭიროა დრო. ამიტომ პუტინისათვის უკიდურესად აუცილებელია, ბელარუსმა გახსნას მეორე ფრონტი, დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები, შეკრას უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთში და ამით თავისკენ მიიზიდოს ჩვენი ჯარები“, - განაცხადა უკრაინელმა ანალიტიკოსმა, ოლეგ ჟდანოვმა.

ასეთი ჩანაფიქრის არსებობას არ გამორიცხავს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოტუზნიაკმა ერთიანი უკრაინული ტელემარათონის დროს განაცხადა, რომ ბელარუსმა თავი მოუყარა თავის საზღვარზე 4 000 ჯარისკაცს და შესაძლოა რუსეთმაც გადაისროლოს იქ თავისი ჯარი უკრაინაზე ახალი შეტევის მოსამზადებლადო. მაგრამ ბელარუსში მეორე ფრონტის გახსნას შექმნილ ვითარებაში ეჭვის თვალით უყურებენ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები.

„ეს შესაძლებელია იყოს შეჭრის ანუ საბრძოლო მოქმედებებში ბელარუსის ჩართვის სამზადისი. მეორე მხრივ, არაერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ძალთა დემონსტრირება. ყოველ შემთხვევაში, დღეს იქ ძალიან ცოტაა ბელარუსული სამხედრო ძალა, რუსული თითქმის არ არის. ეს არ არის ის მასშტაბი და ის მოცულობა, რაც შეჭრისთვისაა საჭირო“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის პირველ ეტაპზე, რუსეთის არმია აქტიურად იყენებდა ბელარუსის ტერიტორიასაც გოსტომელ-კიევის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისთვის.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ თავისი სამხედრო ძალა კიევის ოლქიდან გაიყვანა და მთელი ძალები დონბასის მიმართულებით გადააჯგუფა, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას მხოლოდ ფრაგმენტული სარაკეტო და საავიაციო იერიშებისთვის იყენებს, რაც ბელარუსში მხარდაჭერით არ სარგებლობს არც ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებსა და არც მის მომხრეებში, - ამბობს ბელარუსი ექსპერტი ვალერი კარბალევიჩი.

ვალერი კარბალევიჩი
ვალერი კარბალევიჩი

„ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებიც და ლუკაშენკას მომხრეებიც ამ ომის წინააღმდეგი არიან. გასულ კვირას, ბობრუისკში ყოფნისას, ლუკაშენკამ ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა: "არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი, პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება". ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან დღემდე ლუკაშენკა ყველას არწმუნებდა, რომ რუსეთი ამ ომს აუცილებლად მოიგებს, რუსეთს დიდი უპირატესობა აქვსო. იგი ზელენსკის საყვედურობდა: რატომ ჯერ კიდევ არ სურს კაპიტულაცია და არ სურს ქვეყნის გადარჩენა ახალი მსხვერპლისგანო. ახლა კი ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ დასრულდება ომიო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთია, შეუერთდე გამარჯვებულს და მიიღო ომის გარკვეული ნადავლი. და სულ სხვა საქმეა იმ ქვეყნის როლში ყოფნა, რომელმაც ეს ომი ვერ მოიგო. ეს ასევე დიდ გავლენას ახდენს ლუკაშენკას პოზიციაზე“, - ამბობს ბელარუსი ექსპერტი ვალერი კარბალევიჩი.

გარდა ამისა, ყველას ახსოვს ლუკაშენკას მოულოდნელი მეტამორფოზა. ბელარუსის ლიდერმა, რომელიც ომის დაწყებამდე რუსეთის ჯარის მაღალ საბრძოლო მომზადებაზე საუბრობდა, ომის მსვლელობის განმავლობაში აზრი შეიცვალა და ცოტა ხნის წინ უკრაინელი ჯარისკაცების ეფექტიანი მოქმედებები ხმამაღლა შეაქო.

„ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ უკრაინის მობილური ჯგუფები. ისინი მოულოდნელად და ელვისებურად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელიც მათ რიცხობრივად აღემატება და გამაოგნებელ დარტყმას აყენებენ - განსაკუთრებით ზურგში მობილიზებულ არმიას“, - უთხრა სამხედრო მაღალჩინოსნებს ლუკაშენკამ და მათ ბელარუსის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება მოსთხოვა.

მაგრამ ლუკაშენკა დღემდე იმეორებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ არის ომი; რომ ეს ყველაფერი ომის შესაჩერებლად კეთდება და რადგან უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა, ამიტომ იყო საჭირო სამხედრო ჩარევა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG