Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში სტიქიამ დატბორა სახლები და დააზიანა ხიდები


ჩხოროწყუ
ჩხოროწყუ

სამეგრელო-ზემო სვანეთში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ეზოები და ყანები დატბორა. გუშინ, 22 ივნისს წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზეც.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარტვილში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, აბაშასა და ფოთში წყალმა ჩამორეცხა შიდა საუბნო გზების ნაწილი, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირებიც. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკი დააზარალა.

სენაკი
სენაკი

წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც და საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

„იყო ძლიერი წყალმოვარდნები, რის შედეგადაც ქალაქი დატბორილია. დაიტბორა ადმინისტრაციული ერთეულებიც. ესენია: ჭალადიდი, ძველი სენაკი, ნოქალაქევი, ლეძაძამე. დანგრეულია 4 ხიდი. 2 ხიდი სრულად ამორტიზებულია, რომელიც მდინარემ გაანადგურა. სენაკის მუნიციპალიტეტის სამსახურები მაქსიმალურად ვართ ჩართული, რომ აღმოვფხვრათ მიმდინარე პრობლემები“, - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები წუხელვე დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალურმა კომისიებმა ზარალის დათვლა დილიდან დაიწყეს. დაეხმარება თუ არა სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ. სტიქიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტები გასულ კვირაშიც დააზარალა. რეგიონში ბოლო რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.

XS
SM
MD
LG