Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიღმელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე გამოცხადდება


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი

აქციის, „შინ ევროპისკენ“, ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა ილაპარაკა თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის შესახებ.

„24 ივნისს, 20:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გამოვაცხადოთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე, დაეწიოს მოლდოვას და უკრაინას“, - თქვა დიღმელაშვილმა.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, 20 ივნისს ქართველმა ხალხმა მართლაც გამოხატა საკუთარი მყარი არჩევანი, 85%-ის მყარი არჩევანი და არა მხოლოდ მათი, არამედ იმ წინაპრების, რომლებმაც სისხლი და ოფლი დაღვარეს იმისათვის, რომ საქართველო ევროპასთან დაეახლოებინათ.

„როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაღა იყო დარჩენილი, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 ივნისის ანგარიშის ჩაბარება პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო მიზანმიმართული დივერსია საქართველოში, რომ ვერ მოეხერხებინა ევროპის კარის შეღება. თუმცაღა, ევროპელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან ჩვენს პატარა წაბორძიკებას ჩვენს ევროპულ გზაზე, რაც მხოლოდ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა მან.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

XS
SM
MD
LG