ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიის 20 პროცენტზე ბუნების აღდგენას და პესტიციდების მოხმარების მკვეთრ შეზღუდვას გეგმავს.
22 ივნისს წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, 2030 წლისთვის ევროკავშირი ქიმიური პესტიციდების გამოყენების განახევრებას აპირებს. გარემოს აღდგენის კანონპროექტი გავლენას ახდენს ეკოსისტემების ფართო სპექტრზე.
2030 წლისთვის, ევროკომისიის გეგმით, ქალაქებსა და მათ გარეუბნებში გამწვანებული ფართობი გაიზრდება, მოხდება მისი შენობებსა და ინფრასტრუქტურაში ინტეგრირება, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და საზღვაო ეკოსისტემებში ბიომრავალფეროვნების გაზრდა.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დრენაჟირებული ტორფების დაჭაობებას და მდინარეების ზღუდეების მოხსნას. ევროკომისია აღნიშნავს, რომ „რესტავრაცია“ გულისხმობს მცენარეთა და ცხოველთა ფართოდ დაბრუნებას, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება. „აღდგენილ“ ტერიტორიებს „დაცული ტერიტორიების“ სტატუსი არ მიენიჭება.
კანონის მიღების შემდეგ - ეს დაახლოებით ერთ წელიწადში მოხდება - ევროკავშირის ქვეყნებს მოეთხოვებათ ტერიტორიების აღდგენის გეგმების შემუშავება. თუ სახელმწიფო მას ვადაში ვერ შეასრულებს, სასამართლო პროცესი ემუქრება. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანას სხვაზე ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი. მაგალითად, უარეს მდგომარეობაშია ეკოსისტემები ბელგიაში, დანიასა და შვედეთში, ხოლო რუმინეთში, ესტონეთსა და საბერძნეთში ბუნება შედარებით უკეთ არის დაცული.
პესტიციდების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროკავშირი 50%-ით შეამცირებს ქიმიური პესტიციდების გამოყენებას და მთლიანად აკრძალავს მათ გამოყენებას ქალაქის პარკებთან, სკოლებთან, საავადმყოფოებთან და სათამაშო მოედნებთან.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა კანონპროექტებს უწოდა "უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი მოახლოებული ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლაში".
დაწერეთ კომენტარი