Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურვალეთთან ახალი სათვალთვალო კოშკი დაამონტაჟეს


ფოტო არქივიდან: ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი სოფელ ხურვალეთთან
ფოტო არქივიდან: ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი სოფელ ხურვალეთთან

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ქედზე სათვალთვალო კოშკი დაამონტაჟეს და თხრილებს აკეთებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხურვალეთში განახლებული ე.წ ბორდერიზაციის პროცესი დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის კურსში ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მთელი თვეა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ინტენსიურად მუშაობენ - ზოგან სათვალთვალო კოშკებს აგებენ, ზოგან თხრილებს და ხნულებს აკეთებენ, ზოგან კი საოკუპაციო ღობეებს აბამენ.

„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც 19 ივნისს გავრცელდა.

ბოლო 6 თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების აქტიურობა შეინიშნება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კირბალში, მეჯვრისხევში, ჯარიაშენში, ხურვალეთში, ზარდიანთკარში, გუგუტიანთკარში, მერეთში; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვანში, დირბში, ატოცში; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში.

XS
SM
MD
LG