Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი გეგმავს, ღარიბაშვილსა და კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივლოს


სალომე სამადაშვილი, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი
სალომე სამადაშვილი, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

პარტია "ლელოს" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აპირებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ცილისწამებისთვის უჩივლოს.

სამადაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ საელჩოები უკავშირდებიან იმის გასაგებად, გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ. დეპუტატი ამბობს, რომ სარჩელს მომავალ კვირაში შეიტანს სასამართლოში.

"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.

დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან", - აცხადებს სამადაშვილი.

„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს, პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მის ამ განცხადებას სალომე სამადაშვილი სხდომაზე რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.

დღეს, 24 ივნისის, პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაიმეორა პრემიერის განცხადება და სალომე სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადა. მასთან ერთად, კობახიძემ ახსენა "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და თქვა, რომ იგი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო "აგიტაციას აწარმოებდა".

"ვანო ჩხიკვაძე აწარმოებდა აგიტაციას, ისევე, როგორც სალომე სამადაშვილი, "ნაცმოძრაობა" და სხვები იმაზე, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, ღალატზე. როდესაც საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ესაა ღალატი", - თქვა კობახიძემ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG