Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა ომი უკვე წააგო


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთი უკვე დამარცხდა თავის მიერ გაჩაღებულ ომში.

"უკრაინელები წარმოუდგენელი გამბედაობით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება იყო. მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი იცოცხლებს", - ამის შესახებ ბლინკენმა პარასკევს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინა მიიღებს დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის, კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომლებსაც კიევი განსაკუთრებულად აქტიურად ითხოვს.

პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 ათას ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის 18 საბუქსირე ტაქტიკურ მანქანას, 1200 ნაღმმტყორცნს, 2000 ტყვიამფრქვევს, 18 კატერს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია 6.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
  • კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
  • ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG