Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა უკრაინის, ფრონტისგან მოშორებულ არეალებს


კვამლი ლისიჩანსკის სანავთობო საწარმოს თავზე. 23 ივნისი, 2022 წელი.
კვამლი ლისიჩანსკის სანავთობო საწარმოს თავზე. 23 ივნისი, 2022 წელი.

25 ივნისის ღამით რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმები მიაყენა უკრაინის, ფრონტის ხაზიდან დაშორებულ ობიექტებს.

ჟიტომირის მერმა, სერგეი სუხომლინმა განაცხადა, რომ ქალაქი „გააღვიძა ხმამაღალმა აფეთქების ხმამ. ჟიტომირს არაფერი მოხვედრია, მაგრამ ესროლეს ქალაქის გარშემო მყოფ სამხედრო ობიექტებს. რაკეტები გაშვებულ იქნა ბელარუსის ტერიტორიიდან“.

ხელისუფლების თანახმად, სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო. ქალაქ ლვოვის ადმინისტრაციის უფროსის, მაქსიმ კრზიცკის თანახმად, ოთხი რაკეტა მოხვდა სამხედრო ობიექტს ლვოვის ოლქში. მან აღნიშნა, რომ რაკეტები გაშვებულ იქნა შავი ზღვის აკვატორიიდან. ორი რაკეტის მოგერიება მოხერხდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისივე თქმით, დაშავდა ოთხი ადამიანი.

ჩანს, დარტყმა მიაყენეს პოლიგონს იავოროვსკის ოლქში. ამ ობიექტს ადრეც ესროლეს. წინა თავდასხმისას იქ ათეულობით სამხედრო დაიღუპა, მათ შორის, მოხალისეები უცხოეთიდან.

დარტყმა მოხდა ასევე სოფელ დესნაზე ჩერნიგოვის ოლქში, სადაც ასევე სამხედრო ობიექტებს დაუშინეს ცეცხლი.

უმთავრესი სამხედრო მოქმედებები ახლა მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინის არმიის დაჯგუფების განადგურების შესახებ გორსკოეს და ზოლოტოეს არეალში, ლუგანსკის ოლქის დასავლეთში.

უკრაინის სამხედროებს პირდაპირ ეს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ მათ უკან დაიხიეს ამ არეალებიდან, რომლებსაც ახლა რუსეთის არმია აკონტროლებს.

24 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის ჯარმა უკან დაიხია სევეროდონეცკიდან, სადაც ბოლო კვირებში მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობდა. დაპირისპირება გრძელდება ლისიჩანსკის რაიონში, სადაც არსებობს უკრაინის დანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე.

XS
SM
MD
LG