მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა.
თვითმხილველთა განცხადებით, 26 ივნისს, საღამოს, ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის, აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როცა მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე, იმყოფებოდა შუა ხნის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ნანგრევებში მოყვა ეზოში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. ის მძიმედ დაშავდა და მოგვიანებით თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა.
დაშავდა ეზოში მყოფი ორი ბავშვი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტს შს სამინისტრო იძიებს. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია).