Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ 2027 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მილიარდ ევროს გამოყოფს


"დიდი შვიდეულის" სამიტი გერმანიაში. 26 ივნისი, 2022 წელი
"დიდი შვიდეულის" სამიტი გერმანიაში. 26 ივნისი, 2022 წელი

"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები, რომლებიც ორდღიან სამიტს მართავენ გერმანიაში, 2027 წლისთვის აპირებენ 600 მილიარდი ევროს მოზიდვას განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მრავალ-ტრილიონდოლარიანი პროექტისთვის, სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, წინააღმდეგობის გაწევას.

ამ თანხიდან 200 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, რომელიც სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფს თანხას.

ბავარიაში, ელმაუს სასახლეში შეკრებილი ყველა ლიდერი შეშფოთებულია გლობალური კრიზისით მზარდი ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის, კანცლერმა ოლაფ შოლცმა G7-ის სამიტის ფარგლებში.

თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G7-ის სხვა ლიდერები იწყებენ ოფიციალურ პარტნიორობას, რომელიც გამოასწორებს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს, გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ქსელებს, ასევე ხელს შეუწყობს ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. დაფინანსება მიმართული იქნება კლიმატისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ციფრული კომუნიკაციების, ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ამასთან, შოლცი და ბაიდენი შეხვედრის დროს შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ. როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, G7-ის დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ მისი ლიდერები სამხედრო, ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ უკრაინას - რამდენადაც საჭირო იქნება.

G7-ში შედიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ.

შეხვედრაზე წელს ასევე მიწვეული არიან ინდონეზიის და ინდოეთის წარმომადგენლები. დაგეგმილია, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო რუსეთსა და უკრაინას ეწვევა.

Reuters-ის ცნობით, ვიდოდო თავის მოგზაურობას „სამშვიდობო მისიას“ უწოდებს და აპირებს მოუწოდოს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, გახსნან სივრცე დიალოგისთვის. ინდონეზიის პრეზიდენტი აზიის ქვეყნებიდან პირველი ლიდერია, რომელიც ეწვევა რუსეთსა და უკრაინას საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG