Accessibility links

site logo site logo

შავ ზღვაში დელფინები წყდებიან - რუსეთი და უკრაინა დავობენ, ვინ არის ამაში დამნაშავე


ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში დელფინები იღუპებიან. ინფორმაცია ამის თაობაზე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან ან უკრაინიდან, არამედ თურქეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. დელფინების ხსნის ცენტრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული შავ ზღვაში და სანაპიროებზე ასობით მკვდარი ცხოველი იპოვეს, რაც გასული წლის მთლიან მონაცემებსაც კი აჭარბებს.

ოდესის ოლქში პარკი „ტუზლის ლიმანები“ მდებარეობს. იქ დელფინებს სწავლობენ. პარკის ხელმძღვანელმა ივან რუსევმა სოციალურ ქსელში გამორიყული დელფინების ფოტოები გამოაქვეყნა. „ნასტოაშჩეე ვრემიასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ეს ომის ბრალია - კონკრეტულად კი იმის, რომ გამოიყენება მაღალი სიხშირის რადიოლოკაციური მოწყობილობები, რომლებიც დელფინებს აყრუებს და აბრმავებს, რის შემდეგაც ისინი ორიენტაციას კარგავენ.

ირინა სუვოროვა ანექსირებული ყირიმის რუსულ, არაკომერციულ ორგანიზაცია „ უშფოთველ ზღვაში“ მუშაობს მოხალისედ. ორგანიზაცია ზღვის ძუძუმწოვრების გადარჩენითა და რეაბილიტაციითაა დაკავებული. სუვოროვა, მართალია, ადასტურებს, რომ დელფინების სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ ამბობს, რომ მათი დაღუპვის მიზეზი ინფექციაა, ვირუსი, რომელიც ძაღლის ჭირს ჰგავს. „ნასტოაშჩეე ვრემია“ ორივე მათგანს ესაუბრა.

ივან რუსევი: „მკვდარი დელფინები ადრეც შეგვხვედრია ნაპირზე, ოდესიდან დუნაიმდე წელიწადში 700-800 დელფინი იღუპებოდა. მაგრამ სულ სხვა მიზეზებით. ესენი იყვნენ დელფინები, რომლებსაც ან ფარფლი ჰქონდათ მოჭრილი კუდთან, ან მათ სხეულებზე ბრაკონიერების ბადეების კვალს ვპოულობდით. ისინი თევზისთვის ყვინთავენ და ბადეებში იხლართებიან. მეთევზეს ბადე უკვე მკვდარ დელფინთან ერთად ამოაქვს, რადგან დელფინი რამდენიმე წუთის შემდეგ წყლის ზედაპირზე თუ არ ამოვიდა და ჰაერი არ ჩაისუნთქა, იღუპება.

ომის დაწყების შემდეგ მომრავლდნენ მკვდარი დელფინები, რომლებსაც ფარფლებიც მთელი აქვთ და არც ბადის კვალი ამჩნევიათ.

დელფინი უნიკალური არსებაა. მას ძალიან მგრძნობიარე ულტრაბგერითი აპარატი აქვს. ზღვაში სიგნალებს ძალიან დიდ მანძილზე იჭერს. ის ამ სისტემის მიხედვით მოძრაობს და თუ სისტემა მოიშალა, ბრმავდება. ბრმა დელფინი კი მკვდარი დელფინია.

რუსი მებრძოლები ძალიან ძლიერ ჰიდროლოკატორებსა და სონარებს იყენებენ. ეს სისტემები დელფინების სმენის აპარატს, ულტრაბგერით აპარატს აზიანებს. დელფინები ვეღარ ხედავენ, აღარ ესმით, ვერ გრძნობენ... მთელი გუნდი ნაპირს აწყდება და იღუპებიან, რადგან თუ მეთაური გამოირიყა ნაპირზე, დანარჩენებიც მას მიჰყვებიან. ისინი ნაღმებსაც გადააწყდებიან ხოლმე ან რომელიმე ჭურვი მოხვდებათ, ან მეთევზეების ბადეებში ხვდებიან, რომლებიც თურქეთის ნაპირებზეა. დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, სპეციალურ მოწყობილობებს აყენებენ, რომლებიც დელფინებს ბადეებისგან უკუაგდებს. ახლა კი, ისინი დეზორიენტირებულები არიან და ბადეში მაინც ებმევიან. თურქული მედია, ასევე ჩვენი კოლეგები ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ამბობენ, რომ ნაპირებზე ნახულობენ დელფინებს, რომლებსაც ბადის ან დამწვრობის კვალი ატყვიათ.

ჩვენი მონაცემებით, ომის გამო უკვე 2-2,5 ათასი დელფინია მკვდარი. სულ შავ ზღვაში 250 ათასი დელფინია. ეს ბევრი არაა. თუ დელფინები გაქრებიან, ეკოსისტემაში დისბალანსი გაჩნდება. დელფინები დაავადებულ თევზებს ჭამენ. აღარ იქნება ჯანმრთელი ეკოსისტემა. ამიტომ გამარჯვების შემდეგ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მათი რაოდენობა ისევ 250 ათასი გახდეს, რაც ადვილი არაა, დელფინები 2-3 წელიწადში ერთხელ თუ მრავლდებიან“.

ირინა სუვოროვა: „ახლა მართლაც ძალიან ბევრი დელფინი იღუპება. ადრინდელზე ორჯერ მეტი შემთხვევა აღვრიცხეთ. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან ომის გამო რეგიონში შეწყდა თევზჭერა, რაც იყო ხოლმე დელფინების დაღუპვის მიზეზი.

ახლა ზღვა არა მარტო მკვდარ, არამდ ცოცხალ თევზებსაც რიყავს. ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენი მონაცემებით, ცხოველები მაინც ინფექციისგან იღუპებიან. სისხლის ანალიზიც ინფექციურ-ანთებით პროცესს მიანიშნებს, რომელსაც სავარაუდოდ ვირუსული ეტიმოლოგია აქვს. გაკვეთის შედეგები აჩვენებს, რომ ნაწლავებში ჰემორაგიული ცვლილებებია: ჰემორაგიული ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული გასტრიტი. სერიოზულად არის დაზიანებული ფილტვები, გვხვდება ემფიზემა, პნევმონია, სავარაუდოდ, ვირუსული პნევმონია. დიდი ალბათობით, მორბილივირუსის აფეთქებაა, ის ძალაინ ჰგავს ძაღლის ჭირს.

შავი ზღვის დელფინებისთვის ეს ახალი ამბავი არაა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ასეთი აფეთქებები ხდება ხოლმე და ცხოველები იღუპებიან. ასე იყო 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისშიც. შავ ზღვაში სამი სახის დელფინებია: თეთრგვერდა, შავი ზღვის ღორი და შავი ზღვის აფალინა. იღუპებიან მხოლოდ თეთრგვერდა და ზღვის ღორი. აფალინა მორბილივირუსის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა“.

- თქვენ არ გინახავთ დელფინები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდნენ?

- ჩვენ არ გვინახავს ცხოველები, რომლებსაც კონტუზიის, ჰიდროდარტყმის ან სხვა მსგავსი სახის ნიშნები ჰქონდათ. ჩვენი კოლეგები კრასნოდარიდან ასევე ჰყვებიან, რომ კრასნოდარის მხარეში ბევრი დელფინი დაიღუპა, იქ კი ომი არაა. კოლეგები აფხაზეთიდან ასევე გვატყობინებენ, რომ მათთანაც შედარებით ბევრი დელფინი იღუპება.

- უკრიანელი ექსპერტები, მათ შორის ივან რუსევი, ამბობენ, რომ ნახეს დელფინები, რომლებიც ნაღმებისგან და ჭურვებისგან დაიხოცნენ.

- ეს ფოტოები, სამწუხაროდ, არ მინახავს. პლუს „ნაღმზე აფეთქდა და დამწვრობა მიიღო“ - ამას ვერ ვიაზრებ. მაშინ დელფინს კონტუზია უნდა ჰქონდეს, გულმკერდის ორგანოების კონტუზია, ნეკნები დამტვრეული... ან დელფინმა წყალში დამწვრობა როგორ უნდა მიიღოს? არ ვიცი, მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ.

- უკრაინელი ექსპერტები ამბობენ, რომ დელფინები ჰიდროლოკატორების გამო ორიენტაციას კარგავენ და იღუპებიან.

- მსგავსი შემთხვევები მართლაც არის აღწერილი ლიტერატურაში. დელფინები ძირითდად ექოლოკაციის მეშვეობით გადაადგილდებიან. სამხედრო ტექნიკამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს ის, რომ დელფინმა ექოლოკაციის გამოყენება ვერ შეძლოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ინფექციური, ანთებითი დაავადებების ნიშნები არ ექნებოდა. არადა, აქვს. და ისევ, მაშინ აფალინები სადღა არიან?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG