Accessibility links

site logo site logo

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით აირჩიეს


ფოტო არქივიდან: თბილისის სააპელაციო სასამართლო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყებამდე საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილი დაბრკოლებები სასამართლოში არსებული კლანის ბრალია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას კრიტიკულად აფასებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგი" სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს სწავლობდა. ნაზი ჯანეზაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ კონსულტაციებისას ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს 53 მოსამართლე მიემხრო.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ამავე სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან შეირჩევა. თანამდებობაზე მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდა შეტანილი, ის ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, თანამდებობაზე ყოფნის 5-წლიანი ვადა კი მაისში ამოეწურა.

მართლმსაჯულების და სასამართლოს სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუწოდებდნენ, მხარი არ დაეჭირათ მიხელ ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის, ისინი მას სასამართლოში არსებული „კლანის წევრად“ მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გართულდება სასამართლოს „მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანის“ მიერ მართვის პირობებში.

რამდენიმე დღის წინ, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესმენების შემდეგ, მოსამართლეების სანქცირებისკენაც მოუწოდა. ხოშტარიამ 9 მოსამართლე დაასახელა, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG