„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა გაკიცხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა და „უკანონო და უსამართლო“ უწოდეს მას. შეხვედრა, რომელსაც გერმანია მასპინძლობდა, 28 ივნისს დასრულდა. მონაწილეებმა პირობა დადეს, გამართონ საერთაშორისო კონფერენცია, რათა სახსრები შეაგროვონ უკრაინის აღსადგენად.
„დიდი შვიდეულის“ დასკვნით დოკუმენტში ლაპარაკია ასევე სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე, რომელსაც საფრთხე შეექმნა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირებისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელის შეშლის გამო. უკრაინა მსოფლიოში სურსათის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.
„ჩვენ, დიდი შვიდეულის ლიდერებს... შემოგვიერთდნენ არგენტინის, ინდოეთის, ინდონეზიის, სენეგალისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ასევე უკრაინის ლიდერები", - ნათქვამია განცხადებაში. "ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელ აგრესიულ ომს“.
მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების სამდღიან სამიტზე უკვე დადეს პირობა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს იმდენ ხანს შეინარჩუნებენ, რამდენ ხანსაც საჭირო გახდება და გაზრდიან საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინსა და მის მომხრეებზე მოკავშირე ბელარუსში.
სამიტის ბოლოს “დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის - ლიდერებმა გაამყარეს ეს დაპირება და რუსეთი დაგმეს „საზიზღარი“ თავდასხმისთვის უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რასაც მათ „სამხედრო დანაშაული“ უწოდეს.
27 ივნისს „დიდი შვიდეულის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყველა დამნაშავე პასუხს აგებენ.
დაწერეთ კომენტარი