Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა


პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა, გადაწყვეტილების მიზეზებზე „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა.

„რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, ამის პირდაპირი მცდელობები იყო, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რამაც შეუძლია აგვაცილოს ეს საფრთხე, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ. ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა“, - თქვა სუბარმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის მიწოდება. „თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წევრი, - თქვა სუბარმა და განაგრძო, - საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხალხი დღეს ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. ქვეყნის მართლა სტრატეგიული მიზანი რაც იყო, ევროკავშირის გაწევრიანება, აქ ვართ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს გაწევრიანება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს. უმტკივნეულოში ვგულისხმობ, რომ უნდა ავირიდოთ თავიდან ომში ჩართვა. ომში ჩართვა თუ მოხდა, შემდეგ ყველაფერი დაკარგავს აზრს“.

სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის. „საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როდესაც ხარ მმართველ გუნდში, გაქვს გარკვეული შეზღუდვები და ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არ გამოდიოდა, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ.

სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.

სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.

დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG