Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე: პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით [„ქართულ ოცნებასთან"], გარდა ერთისა


პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე
პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ერთადერთი საკითხი დაასახელა, რომელზეც მმართველ პარტიასთან უთანხმოება აქვს.

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს: პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ.

სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.

სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.

დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG