უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ იუწყება. როდის და სად განხორციელდა ის, არ იტყობინებიან.
როგორც უწყების ცნობაშია ნახსენები, უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო მოსამსახურე. განთავისუფლებულთა შორის არის 23 ოფიცერი და 69 სერჟანტი.
როგორც იტყობინებიან, 144 სამხედროდან 95 იცავდა მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალს“ მარიუპოლში. მათ შორის 43 სამხედრო მოსამსახურე პოლკ „აზოვიდანაა“.
გავრცელებული ინფორმაციით, გაცვლილთა უდიდესი ნაწილი დაჭრილები არიან, მათ შორის - მძიმედ დაჭრილები.
ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა დენის პუშილინმა დაადასტურა გაცვლა და განაცხადა, რომ ის პარიტეტული იყო: 144 ადამიანი 144-ზე. მისი სიტყვებით, უკრაინელ სამხედროებზე გაიცვალნენ რუსეთის სამხედროები და სეპარატისტთა მებრძოლები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“.
ამჟამინდელი გაცვლა ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს.
მარიუპოლში მაისში ტყვედ ჩაბარდა ორი ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც თითქმის 3 თვის განმავლობაში იცავდნენ ამ ქალაქს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველ ღონეს იხმარს მათ გასათავისუფლებლად.
დაწერეთ კომენტარი