საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველო წინ დგას ისეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი და ასე შემდეგ და დასძენს, რომ გარკვეული რეფორმების განხორციელება მაინც საჭიროა.
"ჩვენ გვაქვს მაგალითი ევროპული ქვეყნებისა, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი და ა.შ და ის ურთულესი საკითხები, რომლებიც ამ ქვეყნების წინაშე დგას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ საქართველო ზემოხსენებულ ქვეყნებთან წინ არის და პროგრესულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეული რეფორმების განხორციელება, ყველა ძალა ქვეყანაში არსებული უნდა დაირაზმოს ამ მიმართულებით", - თქვა კოლასმა ჩეხეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩეხეთის პრიორიტეტებს ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში.
2022 წლის პირველ ივლისს ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს - მეორედ ევროკავშირში მისი წევრობის განმავლობაში.
შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მაკისკამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის თავმჯდომარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების გადაუდებელ საკითხებზე.
ჩეხეთის, როგორც თავმჯდომარის, სლოგანია - "ევროპა, როგორც ამოცანა - გარდაქმნა, გადახედვა, გაძლიერება".
ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე.
ამ გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭებათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. ამ მიმართულებებით ქვეყნის პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.
დაწერეთ კომენტარი