Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგმის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრი 2040 წლამდე გახდებოდა - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი


ფოტოკოლაჟი: დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი
ფოტოკოლაჟი: დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერები, რომლებიც პარტიას რამდენიმე დღის წინ გამოეყვნენ, ამბობენ, რომ მმართველი გუნდის გეგმის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრი 2040 წლამდე გახდებოდა. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ახალ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე "შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია".

"როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - წერია ახალ განცხადებაში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.

ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა განცხადება გუშინ, 29 ივნისსაც გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დიდმა ძალებმა" ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის თემა საქართველოში რევოლუციის სურვილით შემოიტანეს.

"შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს", - აღნიშნულია 29 ივნისის განცხადებაში.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG