Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს სეპარატისტთა განცხადებას, რომ ლისიჩანსკი ალყაშია


უკრაინის ძალები ისვრიან "გრადის" ტიპის სისტემიდან, ლისიჩანსკთან ახლოს, ივნისი, 2022
უკრაინის ძალები ისვრიან "გრადის" ტიპის სისტემიდან, ლისიჩანსკთან ახლოს, ივნისი, 2022

უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ "სრულად" შემოარტყეს ალყა ქალაქ ლისიჩანსკს აღმოსავლეთ უკრაინაში - თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ ამ განცხადებას და ამბობენ, რომ მათი მებრძოლები კვლავ არიან ამ, მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე მდებარე სტრატეგიულ ქალაქში.

"ლისიჩანსკის გარშემო ბრძოლა მძვინვარებს. [თუმცა] ქალაქი ალყაშემორტყმული არ არის და მას კვლავ უკრაინის არმია აკონტროლებს", - განაცხადა რუსლან მუზიჩუკმა, უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესმდივანმა უკრაინის ტელევიზიით 2 ივლისს.

რამდენიმე საათით ადრე რუსეთის სააგენტო TASS-მა გაავრცელა კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების პრესმდივნის, ანდრეი მაროჩკოს სიტყვები, რომ "სახალხო რაზმებმა" და რუსეთის ძალებმა ქალაქთან სტრატეგიული ადგილები დაიკავეს და რომ ლისიჩანსკი სრულადაა გარშემორტყმული.

ლისიჩანსკის ბრძოლა, სავარაუდოდ, გადაწყვეტს უკრაინის დონბასის რეგიონისთვის მიმდინარე ომის ბედს. მას შემდეგ, რაც კრემლის ძალებმა ვერ შეძლეს კიევის და ჩრდილოეთით და დასავლეთით სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავება, ბრძოლის ეპიცენტრი ეს რეგიონი გახდა.

რუსეთის ძალები ბოლო დღეებში რაკეტებით უტევენ ლისიჩანსკს. რამდენიმე დღის წინ დაეცა მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი, რომელიც რუსეთის თავდასხმების შედეგად პრაქტიკულად განადგურებულია.

XS
SM
MD
LG