Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ყარაყალპაკეთში


შავკატ მირზოევი
შავკატ მირზოევი

"უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა 3 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ყარაყალპაკეთის ავტონომიის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, შერზოდ ასადოვმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უსწრებდა საპროტესტო აქციის დარბევა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავება.

“1 ივლისს უზბეკეთში შემავალი ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ცდილობდნენ სამთავრობო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას”, - ნათქვამია უზბეკეთის უმაღლესი სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს, მინისტრთა საბჭოსა და შს სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა.

„პოპულისტურ ლოზუნგებს ამოფარებულები, მანიპულირებდნენ რა მოქალაქეების შეგნებითა და ნდობით, არეულობის ორგანიზატორები, არ დაემორჩილნენ ხელისუფლების ლეგიტიმურ მოთხოვნებს და შეკრიბეს მოქალაქეები ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული შენობების კომპლექსის წინ. პროვოკატორები, რომლებიც ეყრდნობოდნენ შეკრებილ მოქალაქეებს, ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას და ამით საზოგადოებაში განხეთქილების შეტანასა და უზბეკეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, "გარკვეული არაჯანსაღი გარე ძალები საზღვარგარეთიდან" ცდილობენ გავლენა მოახდინონ „ვითარების განვითარებაზე“ ყარაყალპაკეთში, მაგრამ უზბეკეთს "გააჩნია საჭირო პოტენციალი რყევების თავიდან ასაცილებლად". ყველა "პროვოკატორი" პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

უარი საკონსტიტუციო ცვლილებებს! - ასეთი იყო ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუქუსში 1 ივლისს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან (რეფერენდუმით) გასვლის უფლებას კარგავს, 25 ივნისს გამოქვეყნდა (5 ივლისამდე უნდა დასრულდეს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა).

ყარაყალპაკეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და მასში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი (უზბეკეთის მოსახლეობის 6,3%) ცხოვრობს.

ყარა-ყალპაკის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1924 წელს, 1930 წლამდე იყო ყაზახეთის სსრ-ს შემადგენლობაში, შემდეგ იგი გამოიყვანეს ყაზახეთიდან და პირდაპირ დაუქვემდებარეს რუსეთის სფსრ-ს. 1936 წელს ყარაყალპაკეთი უზბეკეთის სსრ-ში შევიდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს რეგიონი გადაკეთდა ყარაყალპაკეთის რესპუბლიკად. 1993 წელს ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას „20 წლის ვადით ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის უზბეკეთში შესვლის შესახებ“. შეთანხმება ითვალისწინებდა ავტონომიური რესპუბლიკის უფლებას, გასულიყო უზბეკეთიდან რეფერენდუმის გზით. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გახდა საპროტესტო გამოსვლების მიზეზი, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკას სწორედ ამ უფლებას ართმევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG