Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილი: „გადავწყვიტეთ, დავრჩეთ რუსთაველის გამზირზე“


საქართველოს პარლამენტის წინ დანიშნული საპროტესტო აქცია ლოზუნგით, „შინ, ევროპისკენ“, რომელიც 3 ივლისს, 20.00 საათზე უნდა დაიწყოს, მთელი ღამე არ დაიშლება. ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ მთელი ღამით რუსთაველის გამზირზე და ამის გამო, მიუხედავად კარგი ამინდისა, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. იქნება ძალიან საინტერესო ღამე, რადგან მონტაჟდება ეკრანი. ზოგადად იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან. ეს ლაპარაკი აქამდე ძალიან გვაკლდა, რადგან პოლარიზაციამ და კოვიდმა ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს. როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარიზაციის დასრულება, როცა სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ასე იქნება ამაღამაც. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამე არავინ მოიწყენს. ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევრნი ვართ, ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

მოძრაობის, „შინ ევროპისკენ!“ მთავარი მოთხოვნაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იმუშავებს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დათქმული 12 პირობის შესრულებაზე, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

რუსთაველის გამზირი, სავარაუდოდ, 19:00 საათის შემდეგ დაიკეტება. წინა ორმა აქციამ ათიათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციებს თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.

3 ივლისს აქციაზე დიდი რაოდენობით მონაწილეებს ელოდებიან რეგიონებიდანაც. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთელი კვირა მმართველი პარტიის აქტივისტები თავს ესხმოდნენ აგიტატორებს თბილისსა და რეგიონებში. ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

XS
SM
MD
LG