Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი სამხარაძე აქციის მონაწილეებს აგინებს - მედიები კადრებს ავრცელებენ


დიმიტრი სამხარაძე აქციის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს აგინებს
დიმიტრი სამხარაძე აქციის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს აგინებს

მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომელშიც ასახულია, როგორ აგინებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აქციის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს, რომლებიც პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ. ისმის გინება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.

ერთ-ერთი ვიდეო "ქართული ოცნების" ოფისიდან არის გადაღებული. დეპუტატმა სამხარაძემ იცის, რომ გინების დროს მის ვიდეოს იწერენ.

"მოდი, მოდი, ქათმებს შეხედე", - მიმართავს დეპუტატი სამხარაძე ადამიანს, რომელიც ვიდეოს იღებს.

ამავე ვიდეომასალაში კიდევ რამდენიმე კაცი ჩანს, თუმცა მათი იდენტიფიცირება რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო. სამხარაძის მსგავსად ისინიც იგინებიან.

მეორე ვიდეომასალაში, რომელიც "TV პირველმა" გაავრცელა, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მმართველი პარტიის შესასვლელიდან იგინება. გინების დროს მასთან რამდენიმე კაცი მივიდა და ოფისში შეიყვანა. გადაღებული მასალა სულ 16-წამიანია და დეპუტატის გინება სრულად არ არის აღბეჭდილი.

მანამდე დეპუტატმა სამხარაძემ "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი.

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს", - წერდა ის.

დღეს, 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

დაახლოებით 22:30 საათისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია "ქართული ოცნების" ოფისისკენ ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.

მათ იქ ათეულობით პოლიციელი დახვდა, რომლებსაც "ქართული ოცნების" ოფისისთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული.

პოლიციის მობილიზება პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან
პოლიციის მობილიზება პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან

რუსთაველის გამზირზე აქცია კი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გრძელდება. ერთ-ერთი გეგმა, რომელიც სახალხო მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გააცნო აქციის მონაწილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადანაცვლებაა.

ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG