Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სახიფათო სიგნალი უწოდა ლუკაშენკას განცხადებას რუსეთ-ბელარუსის ერთიანი არმიის შესახებ


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახიფათო სიგნალი უწოდა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას განცხადებას ბელარუსისა და რუსეთის არმიების გაერთიანების და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ე.წ. „სპეცოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობის შესახებ.

ზელენსკი 3 ივნისს გამოვიდა მოწოდებით, რუსეთის დამპყრობლურ ომში არ ჩაითრიონ ბელარუსის ხალხი.

„ჩემი აზრით, ძალზე სახიფათოა მეგობარი ბელარუსელი ხალხისთვის, ჩვენი მეზობელი ბელარუსელებისთვის, რასაც ის [ლუკაშენკა] აკეთებს. მან არ უნდა ჩაითრიოს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლურ ომში ყველა საერთაშორისო შეთანხმების, საერთოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს სიგნალი სახიფათოდ ჟღერს...“ - თქვა ზელენსკიმ ლუკაშენკას განცხადების თაობაზე, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი არმია.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის რაკეტების სროლა არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს.

ახლახან ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსისა და რუსეთის კავშირში უკვე დიდი ხანია შექმნილია ერთობლივი არმია და რომ მან „დიდი ხანია განსაზღვრა“ ბელარუსის მონაწილეობა რუსეთის „სპეცოპერაციაში“ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში წარმოებულ ომს) უკრაინის წინააღმდეგ.

ლუკაშენკა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ამბობს, რომ მისმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ გადაიტაცეს უკრაინისგან ბელარუსის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ნასროლი რაკეტები.

ბელარუსი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი მონაწილე, მაგრამ ის რუსეთის მხრიდან 24 თებერვალს დაწყებულ შეჭრას ლოგისტიკურ მხარდაჭერას აძლევს, რუსეთის ძალების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შეიჭრა.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან ერთად მის მოკავშირე ბელარუსსაც დაუწესეს მზარდი ფინანსური სანქციები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ივნისს სიტყვით მიმართა ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებსაც, მისი თქმით, „ითრევენ ომში - უფრო აქტიურადაც კი, ვიდრე ეს იყო თებერვალში და გაზაფხულის თვეებში“.

XS
SM
MD
LG