თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელი სამი პირი - ინფორმაციას განაჩენის შესახებ ადვოკატი შორენა კობიძე ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თანახმად, 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო 2 ბრალდებაში (დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურად სხვისი საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის (სსკ-ს 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტი). ამ დანაშაულისთვის თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახით 5 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად გამოკვეთა სასამართლომ ჰომოფობიური მოტივი.
ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი სასამართლომ განაჩენის გამოცხადებამდე, 2021 წლის დეკემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან.
ოძელაშვილი, ალაზოვი და ელიზბარაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით, 2021 წლის 8 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვდნენ პირველივე სასამართლო სხდომაზე.
"თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულთაგან ერთი, გიორგი ელიზბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის. ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია. მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი. მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი დედაქალაქის მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვისის" თანამშრომელია.
* ახალი ამბის გამოქვეყნებისას მისი სათაური იყო "სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელები"; მასალის გამოქვეყნებისას რედაქცია ეყრდნობოდა ბრალდებულების ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.