Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რელიგიური პლურალიზმი (რეტროსპექტივაში)


ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი

შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება: ,,კონგრესმა არ უნდა გამოიტანოს კანონი რელიგიის დაწესებაზე ან მის თავისუფალ განხორციელებაზე აკრძალვის შესახებ; ან სიტყვის, ან პრესის თავისუფლების შეზღუდვა; ან ხალხის უფლება შეიკრიბონ მშვიდობიანად და მიმართონ მთავრობას საჩივრებით, გამოსწორების მიზნით.”

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის არ წარმოადგენდა რელიგიური თავისუფლების და პლურალიზმის დასაყრდენს. მუსირებს აზრი, რომ შეერთებული შტატები რელიგიური კონფლიქტების საფუძველზე დაფუძნებული ერია. ევროპელი დევნილები, ევროპის კონტინენტიდან რელიგიურ დევნას და დისკრიმინაციას გამოექცნენ პირველ ამერიკული კოლონიებში, იმ ღრმა ასპირაციით რომ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში შეძლებდნენ თავიანთი რელიგიის აღსრულებას. თუმცა, ისინი იმ ფორმაციის კოლონიებში ემიგრაციის თანდაყოლილი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. ახალ მიწაზე ემიგრაციის პირველ ეტაპზე, ევროპის კონკრეტული რელიგიური დენომინაციები თავს იმკვიდრებდნენ ინდივიდუალურად, კონკრეტულ კოლონიებში. პენსილვანია დასახლებული იყო კვაკერებით. ვირჯინია ანგლიკანების სახლს წარმოადგენდა. მერილენდში რომაელი კათოლიკეები ცხოვრობდნენ. მასაჩუსეტში კი პურიტანები ჭარბობდნენ. ჩამოთვლილ კოლონიებში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მკაცრი კონსერვატიული მიდგომით შეინარჩუნეს რადიკალურად განმასხვავებელი რელიგიური ნიშნები და ტრადიციები და მხარი დაუჭირეს მონორელიგიურობას- ერთი რელიგიური კონფესიის დომინირებას. მაგალითისათვის, 1620 წელს, მასაჩუსეტის კოლონიაში მცხოვრები პურიტანები არატოლერანტულები იყვნენ სხვა რელიგიების მიმართ, რის საფუძველზეც სხვა არა-პურიტანული კონფესიის წარმომადგენლები კოლონიაში არ მიიღებოდნენ.

კოლონიებში არსებობდა უნიკალური შემთხვევებიც, როდესაც რელიგიური რადიკალიზმი კლასიკურ ფორმებს სცდებოდა და უტოპიურ სახეს იღებდა. ამერიკაში გარკვეული რელიგიური ჯგუფები დასახდლდნენ ენთუზიაზმით, შეექმნათ იდეალისტური რელიგიური კოლონიის მოდელი. ისინი სრულ ნდობას და მხარდაჭერას უცხადებდნენ მათ ლიდერს, რომელიც ამ კონცეფციის ავტორი იყო. ჯონ უინთროპი სხვადასხვა მონორელიგიური კოლონიების ლიდერთა შორის ყველაზე საყურადღებო და გავლენიანი ლიდერია. მისი პურიტანული ხედვა კოლონიის განვითარებაზე, რელიგიაზე და კოლონიურ მთავრობაზე დაფუძნებულია ერთი ფრაზის გარშემო ,,ქალაქი გორაზე”. ეს იყო იდეალიზებული პურიტანული საზოგადოების მოდელი, რომელშიც ყველა მოქალაქის ცხოვრების ცენტრს ღმერთი და მისი სიტყვა წარმოადგენდა. უინთროპისეული უტოპიური მანტრა მიმართული იყო იმისკენ რომ შეექმნა ერთიანი პურიტანული საზოგადოები რომელიც იმოქმედებდა როგორც ,,იმედის შუქურად” მსოფლიოსათვის. თუმცა, უინთროპის ეს რელიგიური მიდგომა ფუნდამენტალურად განსხვავდება თომას მორის უტოპიაში აღწერილი მიდგომისგან, რომელიც გამოირჩევა მოწოდებებით რელიგიურ ტოლერანტობაზე და პლურალიზმზე. ჯონ უინთროპმა ენ ჰაჩინსონი და როჯერ უილიამსი გააძევა კოლონიიდან ტრადიციული რელიგიური ღირებულებების და საერთო საზოგადოებრივი ინტერესის გამოწვევისათვის. მათ შერაცხვას დისიდენტებად და ერეტიკოსებად, წინ უძღვოდა მათი ღრმად ლიბერალური ქადაგებები რელიგიის თავისუფლებაზე, რომლებიც პირდაპირ აზიანებდა უინთროპის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის მიერ ასე განდიდებულ იდეებს. უინთროპისთვის სრულყოფილ პურიტანულ საზოგადოებაში, სივრცე კრიტიკულად განწყობილი პურიტანებისათვის ან სხვა რელიგიური დენომინაციების წარმომადგენლებისათვის არ მოიძებნებოდა.

უინთროპის არარეალისტური და მოკლევადიანი გეგმის მსგავსად, უტოპიური და რელიგიური კოლონიების შექმნის სხვა, წარუმატებელი მცდელობებიც იყო. კვაკერებმა უილიამ პენის ხელმძღვანელობით სცადეს დაეარსებინათ საზოგადეობა, მათთვის და სხვა დევნილი რელიგიური ჯგუფებისათვის (დღევანდელი პენსილვანიის შტატი). უილიამ პენი იმედოვნებდა, რომ მისი ,,წმინდა ექსპერიმენტი” ხელით მისათითებელი მაგალითი იქნებოდა მსოფლიოსთვის, თუ რამდენად ბუნებრივად და ჰარმონიულად შესაძლებელია განსხვავებული რელიგიური კონფესიების თანაცხოვრება, ყოველგვარი რელიგიური დისკრიმინაციის და კონფლიქტების გარეშე. მისი ექსპერიმენტი საბოლოოდ რვა წლის შემდეგ, კვაკერებსა და არა-კვაკერებს შორის დაპირისპირების გამო ჩაიშალა, რისი საფუძელიც პენსილვანიის აღმასრულებელი ორგანოს, მილიციის ფორმაცია იყო. მილიცია, კვაკერების რელიგიის ფუნდამენტალური დოქტრინის, პაციფიზმის სრულ ანტითეზისს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში, ამერიკულ კოლონიებში ადამიანებს უწევდათ არაჯანსაღ და არაპლურალურ რელიგიურ გარემოში ცხოვრება, სადაც ისინი ყოველდღიურად განიცდიდნენ რელიგიურ დევნას და დისკრიმინაციას.

თუმცა მოგვიანებით, ამერიკელი რევოლუციონერები და დამფუძნებელი მამები აცნობიერებდნენ რელიგიის ინტიმურ ბუნებას და მათ რელიგიური თავისუფლება ყოველი ინდივიდისა და რწმენისთვის ამერიკის ფუნდამენტალურ დოკუმენტში, კონსტიტუციაში გაწერეს. 1779 წელს ვირჯინიის გუბერნატორმა, თომას ჯეფერსონმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა რელიგიის ვირჯინიელთა რელიგიურ თავისუფლებებს, მათ შორის, ვისაც არ ჰქონდა რელიგიური რწმენა, მაგრამ მისი ეს დოკუმენტი არ გადაიქცა კანონად. 1785 წელს კი ჯეიმზ მედისონმა დაიწყო მუშაობა პირველ შესწორებაზე, ,,უფლებათა კანონპროექტის’’ ნაწილზე, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციურ დაცვას ინდივიდუალური თავისუფლებების, მათ შორის რელიგიის თავისუფლების, სიტყვისა და პრესის თავისუფლების და შეკრებისა და შუამდგომლობის უფლებებს. 1791 წლის 15 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატებმა რატიფიცირება მოახდინა ,,უფლებათა კანონპროექტის” , აშშ-ს კონსტიტუციის პირველი ათი შესწორების შესახებ, რომელიც ადასტურებდა მისი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. მან უზრუნველყო ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, აუკრძალა ფედერალურ მთავრობას მიიღოს რაიმე ტიპის კანონი „რელიგიის დაწესების პატივისცემის“ წინააღმდეგ.

რელიგიური რადიკალიზმით პროვოცირებულ ადამიანთა შორის სოციალური რღვევისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, დამფუძნებელი მამების ძირითადი ღირებულებები და ძალისხმევა ემსახურებოდა შესაძლებლობას, მიეცათ ამერიკელი ხალხისათვის თავისუფალი არჩევანის უფლება, სიცოცხლის ბოლომდე ერწმუნათ და აღევლინათ ის, რაც სურდათ რომ ერწმუნათ და აღევლინათ.

,,მაშ, ყოველი ადამიანის რელიგია უნდა დარჩეს თითოეული ადამიანის რწმენასა და სინდისზე: და ყოველი ადამიანის უფლებაა გამოიყენოს ის, როგორც ამას მათ კარნახობენ."- ჯეიმზ მედისონი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG