Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული ინტეგრაციის ეროვნული გამოწვევები


ავტორი: ჯაბა თებიძე

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა რომელიც 2009 წელს ამოქმედდა, წარმოადგენდა ევროპული კავშირის საერთო საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელსაც გააჩნდა კავშირის საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაახლოების ამბიციური შესაძლებლობა, შესაბამისი ფინანსური და სამართლებრივი ინსტრუმენტების საფუძვლებით. საქართველოს ევროკავშირთან, ჯერ კიდევ ევროპულ თანამეგობრობასთან, დაახლოების სამართლებრივი ისტორია იწყება 1996 წელს ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით, რომელიც ძალაში 1999 წლის პირველ ივლისს შევიდა.

ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაცია უნდა იქნეს განხილული სუპრანაციონალურ ინსტიტუტებთან დადებული მრავალმხრივი შეთანხმებების როგორც ნორმატიული კონტექსტის გათვალისწინებით ასევე ამავე შეთანხმებების პოლიტიკური მიზნებისა და ფუნქციების გაანალიზებით, ანუ დადგინდეს შესაძლებლობათა ლიმიტი კონკრეტული შეთანხმებისა. პასუხისმგებელი ინსტიტუტების განსაზღვრა, შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგისა და სამართლებრივი დაახლოებისათვის ანუ ჰარმონიზაციისათვის საჭირო ნორმატიულ-სამართლებრივი სამუშაოების გაწევა წარმოადგენს ცალსახა აუცილებლობას შეთანხმების რეალურ ყოფაში იმპლემენტაციისათვის.

სამაგალითოა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წელს განხილული საქმე: Case C‑244/17 European Commission v Council of the European Union - ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დადებული გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შემდგომი საიმპლემენტაციო სამუშაო ჯგუფის შექმნის სამართლებრივი საფუძვლებისა და ლეგიტიმურობის დადგენა, სადაც კომისია ედავება მინისტრთა საბჭოს რომ ამგვარი სამუშაო ჯგუფების შექმნა, წარმართვა და მონიტორინგი ევროპული კომისიის კომპეტენცია იყო, საუბარია უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე. კომისია სასამართლოსგან მოითხოვდა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის გაუქმებას და სთხოვდა მას ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 218(9)-ე მუხლის სწორ ინტერპრეტაციას ანუ ევროკავშირის სამართლის ენაზე - Action for Annulment and Preliminary Ruling. ჯამში, სასამართლო დაეთანხმა კომისიის პოზიციას და ნაწილობრივ საბჭოს პოზიციასაც. სასამართლომ განსაზღვრა, რომ ყოველი საერთაშორისო შეთანხმება უნდა იქნეს გაანალიზებული და განხილული არა მარტო მისი ნორმატიული კონტექსტისა და შინაარსის საფუძვლებზე დაყრდნობით არამედ ამავე შეთანხმების მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებითაც. ეს ნიშნავს, ჯამში უფლებამოსილი ინსტიტუტების კომპეტენციების უკეთ გამოკვეთას და შეთანხმების პოლიტიკური მიზნების განსაზღვრასაც, რაც თავის სახით ნიშნავს შეთანხმების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი საზღვრების, შესაძლებლობების დადგენას.

ევროკავშირთან დაახლოების თუ ინტეგრაციის ( ეს ორი სხვადასხვა ცნებაა) პროცესში აქცენტები კეთდება ეროვნული ხელისუფლებების პოლიტიკურ ნებაზე, რასაც შესაბამისი გამოძახილი მოჰყვება ევროპული კავშირის პოლიტიკური ინსტიტუტებისაგან, დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლფასია, ანუ შეთანხმების ხელშემკვრელი მხარის ეროვნული ხელისუფლებების პოლიტიკური ნებისა და ამავე დროს სტრატეგიული შესაძლებლობების მკაფიო განსაზღვრა. ევროპული ინტეგრაციის პროცესში გასათვალისწინებელია კულტურულ-ისტორიული ასპექტები და ინსტიტუციური დაახლოების გამოცდილება. საქართველოს შემთხვევაში სამაგალითოდ შესაძლებელია მოვიყვანოთ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის №828 დადგენილება, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია-დაახლოების თაობაზე, რომ ქართული კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ კანონმდებლობას, ანუ ევროპულ სტანდარტებს. ბუნებრივია აქ იგულისხმება მართლმსაჯულების ვერტიკალიც, რომელმაც გადაწყვეტილებების გამოტანის პროცესში უნდა იხელმძღვანელოს ევროპული სტანდარტებით - მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სასამართლოს სტანდარტით. ზემოაღნიშნული ევროპული სტანდარტები დაკავშირებულია ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებასთან და მდიდარი სამუშაო პრაქტიკის ჩამოყალიბებასთან, რაც არის მათთან ჰარმონიზაციის ღირსი ინტერესის მატარებელი.

ხელისუფლების არაჯეროვანი პოლიტიკური ნება და ინსტიტუციური დემოკრატიზაციის სისუსტეები განაპირობებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში დაბალ შედეგიანობას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ საგრძნობი შედეგები აჩვენა და ჯამში ევროკავშირთან დაახლოების დღევანდელ ნიშნულამდე მოგვიყვანა. სამაგალითოდ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ევროპული კომისიის თემატური ანგარიშებით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას შეეხება. საქართველო ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების კუთხით რეგიონალური ლიდერია, თუმცა სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესში წინ არაერთი რეფორმა და შესაბამისი პოლიტიკური ძალისხმევა ელის. დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და პატივისცემა, ადამიანის უფლებებზე პროაქტიული ზრუნვა და შესაბამისი ინსტიტუციური გარანტიების შექმნა უწყვეტი, განგრძობადი პროცესია.

ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საჭიროა არა მარტო თემატური ნორმატიული აქტების შემუშავება, არამედ შემდგომი საიმპლემენტაციო ინსტრუმენტების შემუშავებაც და პოლიტიკური ნების გამოვლენა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ნაწილი მოდის როგორც კანონმდებლობის დაახლოების ტემპებთან ასევე რეალურ ყოფაში იმპლემენტაციის ხარისხთან მიმართებით. ინსტიტუციური დემოკრატიის საზომიც ეს არის. 2022 წლის ივნისის თვეში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი ევროპულმა საბჭომ მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, ხოლო საქართველოს აღიარებული ევროპული პერსპექტივა ხვდა წილად, რაც თავის მხრივ დაზუსტებას საჭიროებს, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტიანი გეგმა რა სახით ჩაითვლება შესრულებულად და რა სახის პოლიტიკური და სამართლებრივი ინტერპრეტაციები უნდა მოვახდინოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებისა და ბიოლოგიური გამოწვევების ფონზე ( COVID-19 ) ევროკავშირს მოუწევს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკებში ცვლილებების შეტანა და პრიორიტეტების გადახედვა, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან და ბალკანური პარტნიორების ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ( ბალკანური სახელმწიფოები ფლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ) წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ცვლის კავშირის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების საერთო არქიტექტურას, მოსალოდნელია ევროკავშირის ცენტრალური ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაც, მეტ პარტნიორს მეტი ფინანსური რესურსი ჭირდება.

საქართველო ევროპული სახელმწიფოა, თავისი ისტორიული და კულტურული გამოვლინებებით, ინსტიტუციური დემოკრატიზაციის პრაქტიკისა და ევროკავშირთან მრავალმხრივი ურთიერთობების ქრონოლოგიის გათვალისწინებით საქართველო იმსახურებს ევროკავშირთან მის შემდგომ ინტეგრაციას. ის რაც დღეს ქართულ დემოკრატიას სჭირდება ეს არის საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, კანონის უზენაესობის პრინციპის უალტერნატივო პატივისცემა, მრავალპარტიული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მიუკერძოებელი, მაღალკვალიფიციური და აღიარებული რეპუტაციის სასამართლო ხელისუფლება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG