Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინიკოვი: "საქართველოზე მორგებული დახმარების დოკუმენტი" ნატოს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა


 ალექსანდრე ვინიკოვი
ალექსანდრე ვინიკოვი

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომ მადრიდის სამიტზე მიღებული "საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", ქვეყნის მიმართ ალიანსის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.

"მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ზომების ერთობლიობას, ჩვენ მათ ვუწოდებთ ნატოს ერთ-ერთ პარტნიორზე, საქართველოზე „მორგებულ მხარდაჭერის ზომებს“, რომელზედაც პირდაპირ გავლენას ახდენს გარე საფრთხეები და არსებულ უსაფრთხოების გარემოში ჩარევა, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის შედეგად.

ეს მორგებული დახმარების ზომები ნატოს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს მიმართ, კერძოდ, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საბოლოო წევრობის შესახებ ბუქარესტის [2008 წლის] სამიტის გადაწყვეტილებების მიმართ ნატოს ერთგულების", - თქვა ალექსანდრე ვინიკოვმა დღეს, 5 ივლისს, სამეკავშირეო ოფისში, სადაც შეაჯამა ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ვინიკოვმა განმარტა, რომ "მორგებული მხარდაჭერის პაკეტი" აძლიერებს როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოსთვის.

"ეს ახალი პაკეტი შექმნილია იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას მისი მდგრადობის გასაძლიერებლად, მათ შორის ნატოს კიბერ-წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის გზით. ეს აძლიერებს უსაფრთხო კომუნიკაციებს და ეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებას.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას "ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე", რომელიც რჩება საქართველოსთვის ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ.

ჩვენ ასევე განვიხილავთ პაკეტში რამდენიმე ახალი საკითხის დამატებასაც.

ასევე გავზრდით ჩვენი წვრთნების სიხშირეს და ვეცდებით ჩავატაროთ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ნაცვლად სამისა...

ნატო ასევე გეგმავს თბილისის ოფისში პერსონალის დამატებას. ასევე გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა "ერთობლივი სასწავლო და შეფასების ცენტრი" კრწანისში, რომელიც შეიძლება, კიდევ უფრო გაძლიერდეს".

ალექსანდრე ვინიკოვმა სამიტზე მიღებულ დანარჩენ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა და ისინი 6 კატეგორიად დაყო:

  • "პირველი - მოკავშირეები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებითა და საერთო დაფინანსების გზით;
  • მეორე - მოკავშირეებმა მიიწვიეს ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად. მათი სამომავლო წევრობა კარგი იქნება როგორც ნატოსთვის, ისე ამ ქვეყნებისთვის და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათი გაწევრიანების პროტოკოლს დღეს მოეწერება ხელი ბრიუსელში;
  • მესამე - ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის მიმართ გრძელვადიან მხარდაჭერაზე, რათა დაეხმარონ მას, გაუმკლავდეს რუსეთის სასტიკ აგრესიას;
  • მეოთხე - ნატოს ლიდერებმა მოიწონეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რაც განსაზღვრავს ალიანსის პრიორიტეტებს, ძირითად ამოცანებსა და მიდგომებს მომდევნო ათწლეულისთვის, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებს;
  • მეხუთე - მოკავშირეები შეთანხმდნენ, ნაბიჯი გადადგან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩამოაყალიბონ ახალი ფონდი;
  • მეექვსე - ნატოს ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააღრმაონ ურთიერთობები ნატოს ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი უახლოესი პარტნიორია საქართველო".

ნატოს სამიტი 28-30 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG