Accessibility links

site logo site logo

მეტი ნატო პუტინს - შვედეთი და ფინეთი ალიანსში მიიწვიეს


ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკავია შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ნატოში გაწევრიანებაზე. ბრიუსელი, 2022 წლის 18 მაისი.

დიდი ალბათობით, მალე რუსეთს 1300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი ექნება ნატოს ახალ წევრებთან. 29 ივნისს ალიანსმა ფორმალურად მიიწვია ფინეთი და შვედეთი.

წინა დღეს, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე, ორივე ქვეყანამ თურქეთთან მემორანდუმი გააფორმა. ანკარა მათ გაწევრიანებას ხელს აღარ შეუშლის. რატომ უშლიდა, რა შეიცვალა და რას ნიშნავს შვედეთისა და ფინეთის მიერთება ნატოსთან?

რას ითხოვდა თურქეთი?

მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შვედეთმა და ფინეთმა გადაწყვიტეს, უარი თქვან მრავალწლიან სამხედრო ნეიტრალიტეტზე და გაწევრიანდნენ ნატოში. თურქეთის გარდა, ალიანსში ყველა თანახმა იყო.

თურქეთი მოითხოვდა, გაუქმებულიყო მისთვის დაწესებული ემბარგო თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზე. ემბარგო თურქეთს ნატოს ქვეყნებმა 2019 წელს დაუწესეს, მაშინ ანკარამ რუსეთისგან სარაკეტო სისტემები შეიძინა და სირია დაბომბა.

გარდა ამისა, მაისში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ არ ენდობა ფინეთსა და შვედეთს. მისი თქმით, ორივე ქვეყანამ შეიფარა და არ გადასცა თურქეთს ომებს გამოქცეული ეთნიკური ქურთები და ერდოანის პოლიტიკური ოპონენტები. მათ ანკარა ტერორისტებს უწოდებს.

ვინ ტერორისტები?

თურქეთისთვის ტერორისტები არიან „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) და ჩრდილოეთ სირიაში, ქურთთა გასამხედროებული ჯგუფი - „ხალხთა დაცვის დანაყოფი” (YPG).

PKK 1978 წელს დაფუძნდა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქურთების ეთნიკური სახელმწიფოს შექმნის იდეით, 1984 წელს პარტიამ სამხედრო აჯანყება დაიწყო. სხვადასხვა მონაცემით, კონფლიქტს 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. PKK-ს „ტერორისტობას” ეთანხმებიან აშშ და ევროკავშირიც, მაგრამ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ YPG-სთან. ეს დაჯგუფება სირიის ომში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის და აშშ მას მხარს უჭერს.

თურქეთი იმითაც იყო უკმაყოფილო, რომ შვედეთსა და ფინეთში ცხოვრობენ აშშ-ში გადახვეწილი მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის მხარდამჭერები.

ერთ დროს გავლენიან მოღვაწეს, თურქეთი ახლა 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

6 წლის განმავლობაში, მასთან კავშირში „ამხილეს” 60 ათასზე მეტი თურქი სამხედრო, მოსამართლე და საჯარო მოსამსახურე.

რა დათმეს შვედებმა და ფინელებმა?

თითქმის 6-კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები მადრიდში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს. 4-საათიან შეხვედრას ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

გვიან ღამით, ნატოს საიტზე სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი გამოქვეყნდა. მემორანდუმი მოიცავს თურქეთისთვის მნიშვნელოვან სამივე საკითხს: ტერორიზმთან ბრძოლას, იარაღით ვაჭრობასა და ექსტრადიციის მოთხოვნებს.

მემორანდუმში სკანდინავიის ქვეყნებმა თქვეს, რომ არ ეწინააღმდეგებიან თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას. ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ თურქეთთან „PKK-ს, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის აღსაკვეთად”.

ხელმომწერებმა ასევე დადეს პირობა, რომ არ დაეხმარებიან „ხალხთა დაცვის დანაყოფს”.

ამასთანავე, ფინეთი და შვედეთი „ყურადღებით შეისწავლიან თურქეთის მოთხოვნებს დეპორტაციასა და ექსტრადიციაზე და გაითვალისწინებენ მის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს”. შვედეთშიც და ფინეთშიც ამ პირობას უკვე გამოუჩნდა ბევრი კრიტიკოსი.

ვის ხარჯზე?

პოლ ლევინმა, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტში თურქეთის კვლევებს ხელმძღვანელობს, როიტერსს უთხრა, რომ შვედეთში მართლაც ცხოვრობენ PKK-ს მხარდამჭერი ქურთები, და ამასთანავე, „შვედეთი წლებია აკრიტიკებს თურქეთს ადამიანის უფლებების სისტემური შებღალვისთვის”.

ამჟამად ფინეთში 15 ათასი ქურთი ცხოვრობს, შვედეთში კი დაახლოებით 100 ათასი. ბევრი შიშობს, რომ ამ მემორანდუმის მერე შეიძლება ყველა ქურთი ერთ ქვაბში მოხარშონ. გარდა ამისა, ზოგი ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების ხათრით, დასავლეთმა თვალი შეიძლება დახუჭოს იმაზე, როგორ მოექცევიან თურქები სირიაში მცხოვრებ ქურთებს.

„შეიძლება ერდოანს უნდა, ჩრდილოეთ სირიაში ახალი მიწები დაიკავოს და ნატოს გაფართოების საკითხით დასავლეთი დაადუმოს”, - უთხრა როიტერსს ოსმან აიტარმა, 90-იან წლებში თურქეთიდან შვედეთში გადახვეწილმა ეთნიკურმა ქურთმა.

მემორანდუმმა ასევე შეიძლება გაართულოს სხვა ქურთების ემიგრაცია ფინეთსა და შვედეთში.

რას ცვლის ნატოს გაფართოება? (სპოილერი - საქართველოსთვის არაფერს)

შვედეთი 200 წელიწადზე მეტ ხანს ინარჩუნებდა სამხედრო ნეიტრალიტეტს, ფინეთი კი 1948 წლის შემდეგ. ახლა ისინი ძალიან ახლოს არიან იმასთან, რომ ნატოს 31-ე და 32-ე წევრები გახდნენ. როგორც კი გახდებიან, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მათზე თავდასხმა დანარჩენ 30 წევრზე თავდასხმაც იქნება.

ამჟამად რუსეთი ესაზღვრება ნატოს ხუთ წევრს: ნორვეგიას, ლატვიას და ესტონეთს, და კალინინგრადის მოწყვეტილი ოლქის მეშვეობით - ლიეტუვასა და პოლონეთს. ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით, ნატოს 1200 კილომეტრის სიგრძის საზღვარი რუსეთთან 2500 კილომეტრამდე გაიზრდება.

ნატოს წევრები ქვეყნები მონიშნულია ლურჯად. შვედეთი და ფინეთი - მწვანედ
ნატოს წევრები ქვეყნები მონიშნულია ლურჯად. შვედეთი და ფინეთი - მწვანედ

„თუკი პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ეყოლებოდა ნაკლები ნატო დასავლეთ საზღვართან… ის მწარედ შეცდა და მიიღებს გაცილებით მეტ ნატოს”, - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 29 ივნისს, მადრიდში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სასტიკად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას და იმას, რომ მისი მეზობლები ალიანსის წევრები იყვნენ.

24 თებერვალს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” წამოწყებას წინ უძღოდა კრემლის მრავალთვიანი მოთხოვნა, უკრაინას უარი ეთქვა ნატოს წევრობაზე. უკრაინამ არ თქვა. საქართველოსთან ერთად, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ის 2008 წლის აპრილიდან ელოდება.

შვედეთისა და ფინეთის მიწვევა აჩვენებს, რომ ნატო კვლავ ფართოვდება და მისი კარი ღია რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG