Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯვარი პირადი დაცვით - დადგმიდან ერთი წლის თავზე


ერთი წლის წინ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს, პარლამენტის წინ წმინდა ნინოს ჯვარი დადგეს. რამდენიმე დღეში „ალტ-ინფომ“ ჯვართან პარაკლისი გადაიხადა, პირდაპირ ეთერში. „ეს ჯვარი არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო“, - თქვა იმავე დღეს „ქართული მარშის“ წევრმა ბექა ვარდოსანიძემ. მართლაც, უკანონოდ აღმართულმა რკინის კონსტრუქციამ „გაიმარჯვა“. მერიას ის არ მოუხსნია და დღეს მას პოლიცია პარლამენტთან ერთად იცავს.

„... ჩვენგან ეგ ჯვარი აღიმართა იმის გამო, რომ კოლექტიური ნატა ფერაძეების მხრიდან დგებოდა ქვეყანაში საკითხი ისე, თითქოს ქრისტიანობა აღარ არის რაიმეს განმსაზღვრელი“, - დაწერა „ალტ-ინფოს“ წამყვანმა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურა მახარაძემ ფეისბუკზე წინა კვირას.

ჯვრის აღმართვა ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

აქტივისტმა ნატა ფერაძემ, შარშან, ჯვრის დადგმის მეორე დღეს პერფორმანსის მოწყობა სცადა. მას უნდოდა სეკულარული სახელმწიფოსთვის „პანაშვიდი“ გადაეხადა და რამდენიმე აქტივისტთან ერთად, ჯვართან ყვავილები დაეწყო. „ალტ-ინფოს“ დაჯგუფებამ უცბად შეკრიბა ხალხი და ნატა ფერაძეს იმ დღეს პერფორმანსის მოწყობის საშუალება არ მისცეს. ამ ისტორიის შემდეგ მან უამრავი მუქარის წერილი მიიღო.

აქტივისტმა მთელი წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე სცადა პერფორმანსის ჩატარება, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლო.

„ახლოს არ მიშვებს პოლიციის ეკიპაჟი. იდეა ბევრი მქონდა, ცისარტყელა დროშის დაკიდებაც, საღებავის შესხმაც, ბევრი მავნებლობა, მაგრამ ჯებირი აუშენეს ამ ჯვარს და 24 საათი დარაჯობენ. ღამეც ვაპირებდი მისვლას და მანქანა იდგა ტროტუარზე და დარაჯობდა“, - ჰყვება ნატა ფერაძე.

წელს რკინის ჯვარი უკვე რკინის ჯებირის იქით მოექცა
წელს რკინის ჯვარი უკვე რკინის ჯებირის იქით მოექცა

რადიო თავისუფლება პარლამენტის წინ, დაცვის ოფიცერს ესაუბრა, თუმცა მან არ დაადასტურა, რომ პოლიცია მხოლოდ ჯვრის გამო დგას. მისი თქმით, პარლამენტი სახელმწიფო შენობაა, რომელსაც პოლიცია ისედაც იცავს ხოლმე. თუმცა, შარშან ჯვართან მისვლა თავისუფლად თუ შეიძლებოდა, წელს ჯებირის იქით მოექცა.

„ეს არის ცალსახად რუსეთის, პრორუსული მთავრობის, სიბნელის გაძლიერების სიმბოლო, რომელსაც არ უნდა, რომ ვიცხოვროთ სეკულარულ სახელმწიფოში“, - ამბობს ნატა ფერაძე.

2020 წელს ხელოვანმა ანდრო დადიანმა პარლამენტთან სამმეტრიანი „ნიჩვრიტის“ ძეგლი მიიტანა. მოახლოებული არჩევნების წინ მას „ტყუილით გაჯერებული“ პროცესის სიმბოლოს დადგმა უნდოდა. მერიის კულტურის სამსახურთან პერფორმანსი შეთანხმებული იყო, მაგრამ როგორც კი ანდრომ ადგილზე მიტანილი ქანდაკება გახსნა, პარლამენტთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა.

თაბაშირის "ნიჩვრიტი"
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

„ცდილობდნენ ხელი შეეშალათ პერფორმანსში მათთან მიხმობით და დაუსრულებელი კითხვებით, მაგრამ ყური არ ვათხოვე და ნამუშევარი ისე გავაკეთე, მეტ-ნაკლებად, როგორც ჩაფიქრებული მქონდა“, - ამბობს ანდრო დადიანი, რომელიც ხშირად აწყობს პერფორმანსებს საჯარო სივრცეებში. ის პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარსაც ხედავს როგორც სიმბოლოს, მისი დადგმის პროცესს კი - პერფორმანსს.

კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერების 2 ივლისის გამოსვლა "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ
კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერების 2 ივლისის გამოსვლა "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ

„ეს ჯვარი ისეთივე რკინის, ცივი, უხეში, შავი, ტლანქი და მისი ნატიფი შინაარსისგან დაცლილია, როგორც ის დღე, როცა დადგეს და ვინც დადგა. ტყუილია და გარყვნაა იმ შინაარსის, რასაც ჯვარი ატარებს. სიმბოლოებს თავიანთი ძალა აქვს, სანამ ეს დამახინჯებული, გაუხეშებული და ბოროტების სიმბოლოდ ქცეული ჯვარი იქ იქნება, ურყევი იქნება მისი დადგმის შინაარსიც, უნდა გავბედოთ მისი მოშლა, ჯვრის დაცვა დაბინძურებისგან და იმ ბოროტი ენერგიის დემონტაჟი, რომელიც ქვეყნის გულშია ახლა ამართული“, - ამბობს ანდრო.

პოლიციას არ უყოყმანია 2021 წელს, „რიონის ხეობის მცველების“ ჯვრის აღებაზე. მაშინ აქტივისტებმა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გასაპროტესტებლად სოფელ გუმათთან კარვები გაშალეს და ჯვარი დადგეს. პოლიციამ მცველები იქიდან აყარა, ჯვარი კი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს.

ვარლამ გოლეთიანი 2021 წლის 5 ივლისის აქციაზე
ვარლამ გოლეთიანი 2021 წლის 5 ივლისის აქციაზე

„ეგ იყო საწყისი პერიოდი ჩვენი პროტესტის, ვიყავით ცოტანი, - იხსენებს ამ დღეს ვარლამ გოლეთიანი, - ჩვენ არც გვქონდა იმედი, რომ იქ პროცესები ისე წავიდოდა, როგორც ახლა დასრულდა, მაგ შედეგებს არავინ არ ელოდა წინასწარ. სასოწარკვეთილ ფაზაში ვიყავით, ამას არაფერი ეშველებაო, ვფიქრობდით. ამ ჯვრის დადგმა, ჩვენთვის, როგორც რელიგიური ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი აქტი იყო. [...] ის ჯვარი სამი თვე იდგა დაახლოებით და მერე კომპანიამ სახელმწიფოს მიმართა, რომ ხელს უშლიდა ჯვარი. ჩვენ რომ მივედით, მოგლეჯილი დაგვხვდა, აიღეს ღამით. ჩვენ საერთოდ იმ ტერიტორიას ვერ ვუახლოვდებოდით უკვე, იმდენი პოლიცია იდგა“.

ვარლამ გოლეთიანი 2021 წლის 5 ივლისს აქციას შეუერთდა და ახლოს იყო პარლამენტთან, სადაც „ალტ-ინფოს“ მოძრაობამ ჯვარი დადგა. დღეს ის ფიქრობს, რომ „ჯვრის შინაარსი დავიწყებულია“:

„ჯვარი, როგორც სარწმუნოების სიმბოლო, არ უნდა იქცეს საზოგადოების დაპირისპირების საგნად. თუ რაღაც ეროვნული თანხმობა იქნება, პრობლემა არაა, მაგრამ როცა ასეთი ტიპის დისკუსიებია, ეს არ არის მისაღები“.

ჯვარი 3 ივლისს, "შინ, ევროპისკენ" აქციაზე
ჯვარი 3 ივლისს, "შინ, ევროპისკენ" აქციაზე

„კონსერვატიული მოძრაობის“ და „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯვარი აქციამდე ორი დღით ადრე, თბილისში ჩამოასხეს. „ჩვეულებრივმა რკინის ხელოსნებმა გააკეთეს, მივაბრძანეთ და ეპისკოპოსებმა აკურთხეს როგორც ჯვარი. ანუ ეს ჯვარი ნაკურთხია, არ არის დადგმული, რკინის კონსტრუქცია, რასაც ეძახიან ხოლმე, არის მართლმადიდებლური წესით რამდენიმე ეპისკოპოსის ნაკურთხი“, - თქვა მორგოშიამ.

მოძრაობამ მერიას და საპატრიარქოს მიმართა წერილით, რომ ჯვარი ადგილზე დარჩეს ან გამოცხადდეს კონკურსი იმავე ადგილზე სხვანაირი ჯვრის დადგმაზე.

2 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები, რომლემბაც ერთი წლის წინ ჯვარი დადგეს, კვლავ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბნენ
2 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები, რომლემბაც ერთი წლის წინ ჯვარი დადგეს, კვლავ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბნენ

ამ იდეის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ 2021 წლის დეკემბერში თქვა. მისი განმარტებით, პროექტი საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად.

„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“.

რადიო თავისუფლება თბილისის ზედამხედველობის სამსახურს კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებას არ უპასუხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG