Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარლამენტში. ლონდონი, 2022 წლის 6 ივლისი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, შეხვედრები ჰქონდა რუს ოლიგარქთან, ალექსანდრ ლებედევთან, რომელიც წარსულში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში(КГБ) მუშაობდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 6 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას ჯონსონს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა ლებედევს იტალიაში, 2018 წელს, როცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ბორის ჯონსონმა ეს ფაქტი დაადასტურა. მისივე თქმით, ლებედევს, რომელიც ბრიტანული გამოცემის, Evening Standard-ის მფლობელი იყო, ლონდონის მერად მუშაობის პერიოდშიც შეხვდა.

როგორც BBC წერს, სწორედ ჯონსონმა შეუწყო ხელი ლებედევის ვაჟის, ევგენის ლორდთა პალატის წევრობას, მისთვის პერის ტიტულის მინიჭებით. გამოცემა Sunday Times-ი წერდა, რომ 2020 წელს, ბიზნესმენ ევგენი ლებედევს პერის ტიტული მისცეს, მიუხედავად სპეცსამსახურების გაფრთხილებისა, რომ ის შესაძლოა, საშიში იყოს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გამოცემის თანახმად, სპეცსამსახურების უარყოფითი რეკომენდაცია ჯონსონის ჩარევის შედეგად გაიწვიეს. თავად ევგენი ლებედევი ყოველთვის უარყოფდა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს. ევგენი ლებედევი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა 2010 წლიდან.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მის წესიერებაში ეჭვი შეაქვთ არა მხოლოდ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ჯონსონის თანაპარტიელ კონსერვატორებსაც. 5 ივლისს თანამდებობები დატოვეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა. მათ გადადგომას მოჰყვა ჯონსონის მთავრობიდან კიდევ რამდენიმე ათეული წევრის წასვლა.

ერთი თვის წინ, 6 ივნისს, ბორის ჯონსონი გადაურჩა კონსერვატორთა ნაწილის მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ინიციატორები მიიჩნევდნენ, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG