Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან სუვალკის ყელზე - რუსეთის პოტენციური იერიშის ადგილზე


ლიეტუველი ჯარისკაცები სუვალსკის ყელის დაცვის ვარჯიშზე, 2017 წელი
ლიეტუველი ჯარისკაცები სუვალსკის ყელის დაცვის ვარჯიშზე, 2017 წელი

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ხუთშაბათს ერთმანეთს შეხვდებიან სუვალკის დერეფანში, რომელიც რუსეთის პოტენციურ სამიზნედ ითვლება მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ემბარგო დაუწესა სახმელეთო ტვირთების მოძრაობას კალინინგრადის მიმართულებით.

პოლონეთის რადიოს თანახმად, ანჯეი დუდა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი მოინახულებენ მრავალეროვნული დივიზიის მობილურ სამეთაურო პუნქტს სუვალკის დერეფანში, სადაც ისინი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუესადასა და ლიეტუვის ნაციონალური თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუშაუსკას შეხვდებიან.

100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს (სუვალკის ყელს) ექსპერტები ნატოსთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. აღნიშნული დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

ივნისის ბოლოს მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, აღარ გაატაროს თავის ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ მიმავალი, ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილი საქონლით დატვირთული ეშელონები.

18 ივნისს ლიეტუვის მიერ რუსული ტვირთების კალინინგრადის გავლით ტრანზიტის აკრძალვის პასუხად, რუსეთის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს ლიეტუვის ელჩი მარკუს ედერერი.

21 ივნისს კრემლმა კალინინგრადში მიავლინა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ლიეტუვის მოსახლეობას საპასუხო ნაბიჯით დაემუქრა.

„მსგავს მტრულ ქმედებაზე რუსეთი უდავოდ მოახდენს რეაგირებას. შესაბამისი ზომები მზადდება უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს ხანში იქნება მიღებული. მათი შედეგი სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სუვალკის დერეფანი წარმოადგენს პოტენციურ სამიზნეს და ნატოს "აქილევსის ქუსლს" რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში.

გასულ კვირას მადრიდის სამიტზე გადაწყდა, რომ გაძლიერდეს ნატოს დაწინაურებული ძალები ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე. ბატალიონები, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ ბრიგადების დონეზე გაშლისთვის.

მათ შორისაა ქალაქ ელბონგში მდებარე მრავალეროვნული დივიზია "ჩრდილოეთ-დასავლეთი", რომლის ამოცანასაც ნატოს საბრძოლო ჯგუფში შემავალი ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის კოორდინაცია წარმოადგენს. გაძლიერებული დაწინაურებული სამხედრო ყოფნის ფარგლებში ნატოს ასეთი მრავალეროვნული ბატალიონები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში არიან განლაგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG