Accessibility links

site logo site logo

ბორის ჯონსონი მიდის. რატომ და რა იქნება ახლა?


ბორის ჯონსონი, საკუთარ კაბინეტში დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ დროს მთელ ბრიტანეთში ლოკდაუნია გამოცხადებული. 2020 წლის 19 ივლისი.

ბორის ჯონსონი ტოვებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. მას ზურგი საკუთარმა გუნდმა შეაქცია, კარანტინის დროს ქეიფის და მოძალადის მხარდაჭერის გამო.

2020 წლის 19 ივნისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 56 წლის გახდა. საღამოს 6 საათის მერე, ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ რეზიდენციაში მისთვის პატარა სუფრა გაიშალა. წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა და მას 30-მდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის, მინისტრები და მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრები.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო მხოლოდ ერთი იმ 16 წვეულებას შორის, რომელიც ხელისუფლების წევრებმა არალეგალურად გამართეს 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს. მაშინ, როდესაც კანონით აკრძალული იყო 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება და სახლიდან გამოსვლა აუცილებლობის გარეშე.

ამ წვეულებებზე გადაღებული ფოტოები ჟურნალისტების ხელში მოხვდა. 2022 წლის აპრილში, გამოძიების შემდეგ, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 80-ზე მეტი თანამდებობის პირი დააჯარიმა, მათ შორის - თავად პრემიერმინისტრი, რომელიც, როგორც გაირკვა, დაბადების დღის გარდა კიდევ რამდენიმე წვეულებასაც ესწრებოდა. ბორის ჯონსონი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც კანონდარღვევაში ამხილეს თანამდებობაზე ყოფნის დროს.

უნდობლობიდან გადადგომამდე

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა და თქვა, „ვერ ვაცნობიერებდი”, რომ კანონს ვარღვევდიო. მაგრამ მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეგ საკმარისი არ იყო.

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მისი გადადგომა მოითხოვა, მაისში კი მათ ჯონსონის თანაგუნდელებიც შეუერთდნენ. 5 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში, კონსერვატიულმა პარტიამ ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარა კენჭი. მაგრამ უშედეგოდ - 359 დეპუტატიდან პრემიერ-მინისტრს მხოლოდ 148 „არ ენდო”.

„ეს დამაჯერებელი და გადამწყვეტი შედეგია. ახლა ჩვენ შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ გაუგებრობები და ქვეყნის სასიკეთოდ გავაგრძელოთ მუშაობა”, - თქვა მაშინ ჯონსონმა.

მაგრამ გაუგებრობები მხოლოდ იწყებოდა. 4 ივლისს, ჯონსონის ადმინისტრაციის თანამშრომელი, კრის პინჩერი გადადგა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მამაკაცმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. აღმოჩნდა, რომ სექსუალურ შევიწროებაში პინჩერს ადრეც ადანაშაულებდნენ, ჯონსონმა კი ამის შესახებ იცოდა, როდესაც თანამდებობაზე ნიშნავდა.

მომდევნო დღეს გადადგნენ კონსერვატორები, ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. ორივემ თქვა, რომ ჯონსონთან ვეღარ ითანამშრომლებენ. მათ განცხადებებს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და მთავრობა 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა 6 ივლისს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 7 ივლისს ბრიფინგი მოიწვია და თქვა, რომ დაემორჩილება თავისი პარტიის ნებას. ჯონსონმა დატოვა კონსერვატორების თავმჯდომარის პოსტი. იგი ასევე დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც - ითქვა, რომ 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც კონსერვატიული პარტია აირჩევს ახალ ლიდერს, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახდება. მაგრამ BBC წერს, რომ ბევრ კონსერვატორს სურს, ჯონსონმა თანამდებობა დაუყოვნებლივ, ახლავე დატოვოს.

“ბრექსიტის” და უკრაინის მოკავშირე

ბორის ჯონსონი, რომელიც ლონდონის მერი იყო 2008-16 წლებში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 24 ივლისს გახდა. მან ჩაანაცვლა თანამდებობაზე ტერეზა მეი, რომელმაც ვერ მოახერხა ბრიუსელთან შეთანხმება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაზე. 2016 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის 52%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას. ჯონსონის მთავარი დაპირება „ბრექსიტის ბოლომდე მიყვანა” იყო, რასაც გაართვა კიდეც თავი - 2020 წლის 31 იანვრიდან ბრიტანეთი აღარაა ევროკავშირის წევრი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გამოუყო 2.3 მილიარდი გირვანქის (თითქმის 8 მილიარდი ლარი) შეიარაღება - იმაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა ან აშშ-მ. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაათავისუფლა უკრაინული საქონელი გადასახადებისგან, ბორის ჯონსონი კი ევროპელი ლიდერებიდან პირველი ჩავიდა კიევში. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ „ჯონსონი ლიდერია, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას”, მაშინ, როდესაც დანარჩენი ევროპული ქვეყნები ყოყმანობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

„უკრაინის ხალხს ვეტყვი - ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თავისუფლებისთვის თქვენს ბრძოლას. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, - თქვა ჯონსონმა, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებდა.

ჯონსონის გადადგომას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვში. „ასე მოუვა ყველას, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. სამაგიეროდ შესაძლებელია, მოიმტვრიოთ კბილები და თქვენივე კბილები გადაგცდეთ”, - დაწერა ტელეგრამში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG