Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავის დროზე შეგვეძლო, კავკასიაზე გაგვეყვანა მილსადენი, მაგრამ რუსეთს ვენდეთ“ -  ყაზახეთი დილემის წინაშე


ყაზახეთის მცდელობას, დასავლეთისკენ გზა გაიკვალოს, რუსეთმა სასამართლოს დადგენილებით უპასუხა, რომლის თანახმადაც, კასპიის მილგამყვანმა კონსორციუმმა მუშაობა 30 დღით უნდა შეაჩეროს. ყაზახეთის პრეზიდენტი გამოსავალს ეძებს.

ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი თვით გაჩერებაც კი ყაზახეთის ბიუჯეტს 850 მილიონი დოლარის ზარალს მოუტანს.

ნოვოროსიისკის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ნავთობისა და გაზის ბაზარზე ვითარების სტაბილიზება შესთავაზა. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ ეს გაიგო როგორც წინადადება, ყაზახურმა ნავთობმა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ნავთობი ჩაანაცვლოს.

თუმცა ნოვოროსიისკის სასამართლომ ოფიციალურ მიზეზად სულ სხვა რამ, დოკუმენტებში არსებული დარღვევები დაასახელა.

არანაირი პრობლემები იქ არ ყოფილა. გაჩერება მოითხოვეს, ვითომ შესაძლო ავარიისთვის ცუდად ხართ მომზადებულიო. წარმოგიდგენიათ, რამდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი? თან მტრულიც. თავის დროზე შეგვეძლო, კავკასიაზე გაგვეყვანა მილსადენი, შეგვეძლო სხვა მიმართულებით გაგვეყვანა, მაგრამ რუსეთს ვენდეთ და მთელი ჩვენი ძირითადი გაყვანილობები რუსეთის გავლითაა, - ამბობს ალმას ჩუკინი, ეკონომისტი ყაზახეთიდან.

1500-კილომეტრიანი მილსადენი ყაზახეთიდან იწყება და ნოვოროსიისკის საზღვაო ტერმინალში მთავრდება. მისი მეშვეობით გადის როგორც ყაზახეთის ასევე, რუსეთის ნავთობი, ყოველდღიურად 51,2 მილიონი ბარელი, რაც მსოფლიო ნავთობის მოცულობის 1%-ია. კომპანიის აქციების 31% რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, 20,75% - ყაზახეთს. დანარჩენი აქციონერები არიან უცხოური კომპანიები, მაგალითად, ამერიკული Chevron-ი და Mobil-ი და იტალიური Eni.

მაგბატ სპანოვი, ეკონომისტი ალმათიდან ამბობს, რომ ნოვოროსიისკის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთს ორი მიზეზით აძლევს ხელს.

„ერთი მხრივ, ამით ყაზახეთს ამოსდებს ლაგამს, რადგან ყაზახეთის განცხადებები ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან დამოუკიდებელია. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანიის მფლობელები ამერიკული კომპანიებიც არიან. ანუ მხოლოდ ყაზახეთს კი არა, ამ ამერიკულ კომპანიებსაც ურტყამს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ტერმინალის მუშაობას აფერხებს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთმა ტერმინალის შეჩერება ორჯერ მოითხოვა. ერთხელ იმის გამო, რომ ის „შტორმის შედეგად იყო დაზიანებული“, მეორედ კი, ირწმუნებოდა, ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაყრილი 50 ნაღმი ვიპოვეთო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ნავთობზე ეკონომიკური სანქციები დააწესეს, მაგრამ სანქციები არ შეხებია ყაზახეთის ან სხვა ქვეყნების ნავთობს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დასავლეთი მართლაც ეძებს რუსული ნავთობის ალტერნატივას და ამ კუთხით შესაძლოა ყაზახეთის რესურსიც განიხილებოდეს.

ყაზახეთში ნავთობი საკმარისადაა. თუ არ ვცდები, წელს უნდა დასრულებულიყო თენგიზის საბადოს გაფართოება, რასაც კომპანია Chevron- აკეთებს. იქ 12 მილიონი ტონა ნავთობი უნდა მოეპოვებინათ. აპირებენ კაშაგანის საბადოც აითვისონ. ნავთობის რაღაც ნაწილის ჩანაცვლება ყაზახეთს მართლაც შეუძლია, მაგრამ ყველაფერი მაინც ტრანზიტზეა დამოკიდებული. გვინდა დასავლეთზე ვიმუშაოთ, მაგრამ დასავლური მენტალიტეტი მაინც სხვაა. ეშმაკობაა საჭირო! მთელი ქვეყნის გასაგონად კი არ უნდა გამოაცხადო, ფრთხილად უნდა იმოქმედო. ესაა პოლიტიკა, - ამბობს მაგბატ სპანოვი.

უშუალოდ ყაზახეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ აუცილებელია ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია.

ყაზახეთი საზღვაო გადაზიდვებს სრულად არ იყენებს. ახლა სხვა დროა. პრიორიტეტულ მიმართულებად ტრანსკასპიური მარშრუტი სახელდება. კაზმუნაიგაზს ვავალებ, მისი რეალიზაციის ოპტიმალური ვერსიები მოამზადონ, მათ შორის, თენგიზის საბადოს პროექტისთვის ინვესტორების მოზიდვის კუთხით, - განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი და ვლადიმერ პუტინი ოსკოვში, 2022 წელი.
ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი და ვლადიმერ პუტინი ოსკოვში, 2022 წელი.

გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრო განსახილველად გამოიტანს პროექტს, რომლის მიხედვითაც, ყაზახეთი შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ტოყაევი ჯერ კიდევ სამი კვირის წინ საუბრობდა. სანქტ-პეტერბურგის შეხვედრაზე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს პირდაპირ განუცხადა, რომ არ აპირებს აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG