ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი - არა და ხომ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთი ამას გამოიყენებს?
კანცლერმა უპასუხა: „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ, მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამსაათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იქნას აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“.
ირაკლი ღარიბაშვილი ვენაში ოფიციალური ვიზიტით კარლ ნეჰამერის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
დაწერეთ კომენტარი