Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზარაშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე: არ არის არაფერი საშიში და საპანიკო


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ილაპარაკა ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი ვითარება გვაქვს. არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია. არის მინიმალურ ზღვარზე. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ არის. თუ ციფრებში შეიძლება შევადაროთ, აბსოლუტურში და არა ისე, რომ 10-ჯერ, 5-ჯერ და ა.შ. მაგალითად, ერთი კვირის წინ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა ასი, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ 3.7 მილიონიან ქვეყანაში", - თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრი ყურადღებას ამახვილებს „ფაიზერის" წარმოების კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე.

„რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, ვუმკურნალოთ, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო (მოგეხსენებათ რამდენიმე კვირის წინ ეს მედიკამენტი კოვიდის სამკურნალო, „ფაიზერის“ წარმოების, „პაქსოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც პირველად მიიღეს ეს მედიკამენტი), კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია [პაციენტებს] შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს, რასაკვირველია, შეუძლიათ აცრების გაგრძელება", - აცხადებს ის.

​ზურაბ აზარაშვილმა გაიხსენა საკუთარი პროგნოზი, რომლის თანახმად, კორონავირუსი „ჩვეულებრივ, ენდემურ ვირუსად გარდაიქმნებოდა".

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იმ შემთხვევებში, თუ ეს არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა... არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები... მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი ჯერ კიდევ მე და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს [კორონავირუსი] გადაიქცეოდა ჩვეულებრივ, ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები. არ არის არაფერი საშიში, არაფერი საპანიკო. შეგვიძლია მშვიდად, ინფიცირების შემთხვევაში, გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. ის, რომ ეს იყოს რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის და სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, ასეთი დღეს არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის შესახებ ბოლო შვიდი დღის მონაცემები ასეთია:

ჩატარებული ტესტი - 63 443;

დადასტურებული შემთხვევა - 2 570;

აღრიცხული სიკვდილი - 3;

გამოჯანმრთელება - 1 103.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG