Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე მოქალაქეებს ურჩევს, რესპირაციული სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ გაიკეთონ კოვიდ-ტესტი


თენგიზ ცერცვაზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერცვაზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდილ მაჩვენებელზე. როგორც ის ამბობს, მსოფლიოში აღინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

„საქართველოშიც, სამწუხაროდ, ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალების რაოდენობა შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ყოველდღიურად გარდაცვალების ნული შემთხვევაა ან აქა-იქ გამოერევა ერთი, მაქსიმუმ ორი. სადღეისოდ, ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო 3 თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით აქვს შეუდარებლად ნაკლები გარდაცვალების შემთხვევა, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ავსტრალიას, იაპონიას, ბევრ სხვა ქვეყანას. ეს ძალიან კარგია. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა", - თქვა ცერცვაძემ.

იმუნოლოგი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საკითხზე ასეთ პროგნოზს აკეთებს: „სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ვაქცინაციის დაბალი მოცვის ქვეყანა, მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულები არიან. მოხსნილია ყველა რეგულაცია ჩვენთან. რეგულაციები უცხოეთშიც მოხსნილია, მაგრამ ზოგან შემოიღეს. ყველაფერ ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა. პიკს ზრდა მიაღწევს შემოდგომაზე. სიტყვა „ცუნამი“ ახსენეთ. ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც იყო წლის დასაწყისში. ერთ დღეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო დღეში 26 000 შემთხვევა. 200 000-ზე მეტი აქტიური ავადმყოფი გვყავდა. ახლა იქნება მატება, მაგრამ რაღაც ზომის ფარგლებში", - თქვა მან.

„რა უნდა გავაკეთოთ ორი მიმართულებით?"

თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ორ გზას სთავაზობს: „ერთი, თუ გვაქვს ამბიცია, რომ შევზღუდოთ ახალი შემთხვევების ზრდა და მატება იყოს მინიმალური (მთლიანად ვერ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მატება, რომ იყოს ზომიერი), ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო ბოლო პერიოდში. ერთი რჩევა, შესაძლოა, არაპოპულარული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რეგულაციები არაფერს გვავალდებულებს, მაინც პრაქტიკამ გვიჩვენა, უცხოეთში უკვე ამას აკეთებენ, რომ სასურველია, რომ მოსახლეობამ გამოვიყენოთ პირბადეები ტრანსპორტში (რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია), სამედიცინო დაწესებულებებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. თუ ამას მოვახერხებთ, ჩვენ შევზღუდავთ შემთხვევების რაოდენობის ზრდასაც".

რაც შეეხება მეორე საკითხს, კლინიცისტი ამბობს: „მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენები მასობრივად დაიწყებენ ვაქცინაციას, მასობრივად დაიწყებენ პირბადის ტარებას. ეს დიდი ალბათობით არ მოხდება. ადამიანები უკვე შეეჩვივნენ თავისუფლებას და ძნელია მათი უკან მობრუნება. ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ სიკვდილობა შევინარჩუნოთ მინიმალურ, დღევანდელ ნიშნულზე, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, არ არის დიდი უბედურება, თუ ადამიანს კოვიდი დაემართება. რამდენიმე დღეში ის მას გადაიტანს. მთავარია, არ გვექნეს დამძიმება, არ გვყავდეს რეანიმაციაში ავადმყოფები და არ მოხდეს ლეტალური შემთხვევები".

ცერცვაძე მოქალაქეებს რჩევას აძლევს: „არის ერთი მკაფიო გზა, რომლითაც ჩვენ მივაღწიეთ პრაქტიკულად მინიმალურ ნიშნულს გარდაცვალებისას - დღეს საქართველოში დომინანტი არის BA.5 ["ომიკრონის" ახალი ქვე-ვარიანტი], რომლებზეც მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი. ხასიათდება ძალიან დიდი გადამდებლობის უნარით, უფრო მეტით, ვიდრე წინა შტამებით. ამ შტამებით გამოწვეულ კოვიდს პირველ დღეებში იგივე სიმპტომები აქვთ, რაც სხვა რესპირაციულ დაავადებებს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ აქვთ რაღაც რესპირაციული ინფექცია და არ იკეთებენ ტესტს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ყველა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომები, ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს, უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი კოვიდზე. ეს არის უფასო. თუ კოვიდი დადასტურდება, მაშინვე უნდა შევიდეს კომუნიკაციაში ოჯახის ექიმთან. თუ ის არის ასაკოვანი, თუ მას აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს მძიმე ფორმა, დაუნიშნავენ „პაქსოვიდის“. თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო - „რემდესივირს“. მინდა ყველამ დაიმახსოვროს, რომ პირველ სამ დღეში დანიშნული „პაქსოვიდი“ და „რემდესივირი“ პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ თქვენ არ დამძიმდებით, არ მოგიწევთ ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით, რეანიმაციაში მოხვედრა და არ დადგება ლეტალური გამოსავალი. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში პაციენტებს, რომლებსაც ჩვენ პირველივე დღეებში დავუწყეთ „რემდესივირი“ ან „პაქსოვიდი“ (ეს არის უახლესი, ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა), არცერთი მათგანი არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა ჰოსპიტალში და არ გარდაცვლილა. ეს არის უნიკალური შედეგი".

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია (4,05%).

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ვირუსი დაუდასტურდა 2570 პირს, წინა კვირაში, 20-26 ივნისს კი - 1056-ს. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

XS
SM
MD
LG