ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მეტია (8,1%).
4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი - 2570 ადამიანს.
ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო დიდი ზრდა გამოჩნდა წინა კვირის მონაცემების შედარებისას ორი კვირის წინანდელთან. 20-26 ივნისს ინფიცირების 1056 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო ერთ კვირაში 63 659 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 2338.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 847 ადამიანი.