Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები სტამბოლში ხორბლის კრიზისის საკითხს განიხილავენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები დღეს, 13 ივლისს, სტამბოლში გაეროსა და თურქეთის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ სასაუბროდ. კრიზისმა ფასების ზრდა განაპირობა.

დაგეგმილი ოთხდღიანი შეხვედრის ფონია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და მის მიერ ბლოკირებული შავი ზღვის პორტები, საიდანაც უკრაინული ხორბლის ექსპორტი ხორციელდებოდა.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო. მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის თითქმის ნახევარი ასევე უკრაინაში იწარმოებოდა.

უკრაინელები და დასავლეთის ლიდერები მოსკოვს უკრაინელი ფერმერებისგან მოპარული მარცვლეულის კონტრაბანდულ ექსპორტშიც ამხელენ.

დიპლომატების განცხადებით, სტამბოლში განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების დანაღმულ პორტებში შესვლის საკითხი.

რუსეთის მხარესთან ასევე განხილავენ ცეცხლის დროებით შეწყვეტის საკითხს იმ პერიოდში, რაც უკრაინული ტვირთის გადაზიდვას დასჭირდება და რასაც ზედამხედველობას თურქეთის მხარე გაუწევს, რათა გაიფანტოს რუსეთის შიში უკრაინაში იარაღის შესაძლო კონტრაბანდასთან დაკავშირებით.

12 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სტამბოლის შეხვედრის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით კომენტარში თქვა, რომ „ჩვენ ნამდვილად მონდომებით ვმუშაობთ, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „უკრაინის პორტებში არსებული ხორბლის მსოფლიო ბაზრებზე უსაფრთხოდ გაგზავნას“ შეეხება.

ნატოს წევრობის პარალელურად, ანკარა კრემლთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

უკრაინის გაანგარიშებით, მის პორტებში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.

მარცვლეულის ექსპორტის მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ქვეყანაა. 2021 წელს მან თითქმის 45 მილიონი ტონა მარცვლეული და პარკოსან-მარცვლეული კულტურები გაყიდა.

გაეროს წარმომადგენელმა მაურიციო მარტინამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა, 218 მილიონ ადამიანამდე გაზარდოს მსოფლიოში მოშიმშილეთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG