Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს 2023 წელს მიანიჭებენ


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მიხაელ როპის განცხადების შემდეგ, რომელიც წარმოადგენს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, არსებობს დიდი შანსი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღოს.

„არაფერი არ დაგვიკარგავს, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან. უმჯობესია, მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას. არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვენიჭოს 2023 წელს კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს არავითარი ისტორიული შანსი არ დაუკარგავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 2023 წელს მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება მეტი დრო, რათა შეასრულოს ის 12 პირობა, რომლის სანაცვლოდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, თქვა 13 ივლისს მიხაელ როპმა.

მიხაელ როპი სიტყვით გამოვიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე. იქ პარლამენტარები ისმენდნენ მოხსენებას იმაზე, თუ როგორ გაართვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ თავი ვალდებულებებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება.

"დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს მუყაითად, ღრმად და გულდასმით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომაც, გულდასმით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე დეტალურად სამუშოდ და ჩვენ, როგორც ევროპულმა კომისიამ გვთხოვა, საპასუხო ანგარიშს პრიორიტეტებზე [12 პირობაზე] წარვადგენთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს სათანადო დროს, გულდასმით იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე" - განაცხადა მიხაელ როპმა.

მომდევნო წლის გაფართოების პაკეტზე (ანუ წევრობის მსურველი ქვეყნების პროგრესზე და მათთვის გასაწევ დახმარებაზე) ევროკომისია, როგორც წესი, ოქტომბერში მსჯელობს ხოლმე.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

XS
SM
MD
LG