Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტში განახლდა დებატები ევროკავშირში წევრობის განცხადების განბლოკვის საკითხზე


დემონსტრანტები სკოპიეში პარლამენტის შენობასთან. პროტესტი საფრანგეთის წინადადების მიმართ. 14 ივლისი, 2022 წელი
დემონსტრანტები სკოპიეში პარლამენტის შენობასთან. პროტესტი საფრანგეთის წინადადების მიმართ. 14 ივლისი, 2022 წელი

ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა განაახლეს სადავო დებატები ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებაზე, ბულგარეთის ვეტოს მოხსნის მიზნით საფრანგეთის მიერ შეთავაზებული კომპრომისის გარშემო.

ეროვნული კრების დისკუსიის ერთადერთი საკითხი პარიზის წინადადებაა, რომლის გარშემო საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. საფრანგეთი ახლა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა.

ჩრდილოეთი მაკედონია 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. თავიდან მისი სწრაფვა შეაყოვნა საბერძნეთმა, როცა ქვეყანას სახელის შეცვლა მოსთხოვა.

სკოპიემ ეს დააკმაყოფილა, მაგრამ მომდევნო წელს მეზობელმა ბულგარეთმა ვეტო დაადო მაკედონიის სურვილს, ევროკავშირის წევრი გახდეს და დაადანაშაულა სკოპიე, რომ პატივს არ სცემს საერთო კულტურულ და ისტორიულ კავშირებს. ბულგარეთის მთავარ მოთხოვნათა შორის არის ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ აღიარება, რომ მისი ენა ბულგარულიდან მოდის და ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრები ბულგარული უმცირესობის ცნობა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება ორივე მხრიდან დათმობას ითვალისწინებს. მის მიხედვით, მთავრობამ სკოპიეში ვალდებულება უნდა იკისროს, შეცვალოს კონსტიტუცია, რათა აღიაროს ბულგარული უმცირესობა, ასევე დაიცვას უმცირესობის უფლებები და აკრძალოს სიძულვილის ენა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი წინადადება ეჭვქვეშ არ აყენებს მაკედონიური ენის ოფიციალურ არსებობას, მაგრამ როგორც ყველა მორიგება, ეს წინადადებაც „ეფუძნება კომპრომისს და ბალანსს“.

14 ივლისს ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და პარლამენტის გარშემო შეიკრიბა. ახლანდელმა კამათმა ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გაამწვავა რეგიონული დაპირისპირება და მან შეიძლება ევროკავშირის მიმართ ბალკანეთში მეტი უნდობლობა გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG