ხატი 16 ივლისს სამების ლავრაში გადაიტანეს, სადაც სერგი რადონეჟელის 600 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებას მომლოცველებთან ერთად პატრიარქი კირილეც ესწრება. რუბლოვის „სამება“ ლავრაში ხელისუფლებასთან მისი შუამდგომლობის შედეგად მოხვდა.
„ეს ჩვენი დიდი სიწმინდეა. ის ჩვენ წმინდა სერგის დროიდან გვაერთიანებს, იმ დროიდან, როდესაც რუსეთი, შიდა და გარე მტრებით გარემოცული, დიდ განსაცდელში მყოფი, ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მომავალში დიდი დერჟავა გამხდარიყო, და ვიცით, რა და როგორ მოხდა“, - თქვა პატრიაქმა კირილემ.
ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომლები ხატის გატანის წინააღმდეგნი იყვნენ. მუზეუმში ექსპონატები მკაცრად რეგულირებულ კლიმატურ პირობებში ინახება და მიუხედავად იმისა, რომ ხატი ლავრაში სპეციალური სარკოფაგით გადაიტანეს, რესტავრატორები ფიქრობენ, რომ გარემო პირობების სულ მცირედ ცვლილებასაც კი შეუქცევადად შუძლია მე-15 საუკუნის შედევრის დაზიამნება.
ხატის გატანა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯერ კიდევ 12 ივლისს, წმინდა სამების დღესასწაულზე სცადა, მაგრამ გალერეის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. უკვე 16-ში რუბლოვის „სამების“ გადატანას კულტურის სამინისტრო დასთანხმდა.
ხატის გადატანას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „წარმართული მსხვერპლი, სპეცოპერაციის საკუთხეველზე“, - წერენ ინტერნეტში.
ოქსანა სანჟაროვა, ხელოვნებათმცოდნე: „ეს ხატი სასწაულმოქმედიც კი არაა, უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. ბარემ ბენუას მადონით წავიდნენ ღმერთთან მოსალაპარაკებლად“.
იგორ სკოვოროდა: „ძალიან მაბრაზებს და მასევდიანებს ეს ამბავი. 2008 წელს, როდესაც ეკლესია შეეცადა „სამება“ ხელში ჩაეგდო ღვთისმსახურებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ამ სათუთი ორიგინალის გარდა, კარგი ასლებიც არსებობს, რომელთა ტაძარში გადატანაც ნაკლებად სახიფათოა), დიდი სკანდალი ატყდა და საბოლოოდ მე-15 საუკუნის ხატი ტრეტიაკოვკიდან ვერ გაიტანეს. 2022 წელს კი ყველაფერი სხვაგვარადაა“.
ვინ არის დამნაშავე? ასეთ კითხვს სვამს ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორებეინიკოვა. ის ამბობს, რომ მართალია ხატის გატანა ეკლესიას სურდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო ამ იდეას იწონებდნენ, მაგრამ ტრეტიაკოვის გალერეასაც შეეძლო თავისი სიტყვა ეთქვა.
ქსენია კორებეინიკოვა, ხელოვნებთმცოდნე: „რამ აიძულა გალერეის ხელმძღვანელობა, მუზეუმის ფუნდამენტური წესები დაერღვია? იქ იარაღი არავისთვის დაუმიზნებიათ, დიდი-დიდი, ხელშეკრულება შეეწყვიტათ. თუმცა, იმ ხალხისთვის, კარიერით რომ ცხოვრობენ, ეს ალბათ პირველი პრიორიტეტია“.
საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხატი სწორედ ტაძარში უნდა იყოს.
ანტონ კრასოვსკი: „რა შეჭამეს ტვინი თავიანთი მუდმივი ზუზუნით ამ ინტელიგენტმა დედაკაცებმა. რით ვერ ამოწყდით?! ეკლესიის მთავარი რელიკვია, რომელიც სხვათა შორის ეკლესიასვე ჩამოართვეს, ერთი დღით მსახურებაზე გადაიტანეს. ერთი დღით!“
იგორ ხოლმოგოროვი: „იმაზე მეტად არაფერი მაღიზიანებს, როგორც ის, რომ ურწმუნოები მორწმუნეებს ასწავლიან, „სამებას“ როგორ მოექცნენ“.
სოციალურ ქსელში ბევრი ირონიულად წერს, რომ რუსეთს უკრაინის ფრონტზე უკვე იმდენად გაუჭირდა, შემწეობას ხატებს სთხოვს: „ხატამდე მივიდა საქმე. მალე ვერტმფრენით დაიწყებენ მასთან ერთად ფრენას პოზიციებზე“.
ვლადიმირ რუდენკო: „როგორც ჩანს, სერგი რადონეჟელის შემწეობის გარეშე არაფერი გამოგვივა... იმპერიის სლავური მიწების „გათავისუფლების“ პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, მთლად წარმატებული არაა“.
მე-15 საუკუნის ხელოვნების ნიმუში „სამება“ ანდრეი რუბლოვმა 1411 ან 1425-1427 წლებში დაწერა. საბოლოო თარიღზე ხელოვნებათმცოდნეები ვერ თანხმდებიან. დაწერილია დაფაზე, საღებავებით. ხატის პარამეტრები არის: 142 × 114 სმ.
ანდრეი რუბლოვი იყო გამოჩენილი ხატმწერი ბერი (მოგვიანებით წმინდანად შერაცხული), რომლის შემოქმედებიდან „სამება“ ყველაზე ცნობილი გახდა.
ვიქტორ ლაზარევი თავის წიგნში „რუსული ხატწერა, სათავეებიდან მე -16 საუკუნემდე“ წერს, რომ რუბლოვმა სამება შემოქმედებითი თვალსაზრისით, თავის საუკეთესო წლებში შექმნა. ის დაიწერა სერგი რადონეჟელის სახსოვრად. წმინდა სერგი როდონეჟელი სამებაში მშვიდობისა და თანხმობის სიმბოლოს ხედავდა. მისი მოწაფეების მიერ დაარსებული მონასტრებიც სამების სახელზე იყო. სწორედ ამის გამო გახდა რუსეთში სამების ხატება განსაკუთრებით პოპულარული.
ანდრეი რუბლოვის „სამება“ ინახება მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში.
რადიო თავისუფლების სტატიების მიხედვით მოამზადა თეა თოფურიამ