Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭო დათანხმდა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის მისაღებად მოლაპარაკების დაწყებას


ევროკავშირის საბჭო დათანხმდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში მათი გაწევრების საკითხზე.

საბჭოს თავმჯდომარის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისთვის.

ფიალა ამ ფაქტს აფასებს ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობის დიდ წარმატებად. ჩეხეთმა ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა 1 ივლისს, საფრანგეთისგან გადაიბარა.

დღეს, 19 ივლისს პეტრ ფიალა ბრიუსელში შეხვდება ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს, ედი რამას და დიმიტარ კოვაჩევსკის.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი შეიტანა 2009 წელს და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2014-ში. ორივე ქვეყანა ნატოს წევრია.

ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გზაზე წინააღმდეგობა შეხვდა საბერძნეთისა და ბულგარეთისგან. საბერძნეთმა, რომელსაც ისტორიული ოლქი, მაკედონია აქვს, ნატოში ქვეყნის მიღებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც 2019 წელს, მათ შორის შეთანხმება გაფორმდა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა დათანხმდა ახალ სახელწოდებას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ევროკავშირში მის გაწევრებას აფერხებდა ბულგარეთთან უთანხმოება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრები ბულგარელების ეთნიკურ უმცირესობად აღიარების საკითხში.

16 ივლისს, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის შუამავლობით, ბულგარეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბულგარელების ეთნიკურ უმცირესობად აღიარებას და მათი უფლებების დასაცავად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG