Accessibility links

site logo site logo

“რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, სანამ პუტინი კრემლშია“ - კაილ პარკერი


კაილ პარკერი

“არ მგონია, რომ სრულად გვაქვს გააზრებული, რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენთვის უკრაინის დამარცხება“ - ეუბნება “ჰელსინკის კომისიის” ადმინისტრაციის უფროსი, კაილ პარკერი რადიო თავისუფლებას. მოსკოვმა მას რუსეთში შესვლა 2016 წლიდან აუკრძალა. პარკერი, “მაგნიტსკის აქტის” - რუსეთის მაღალჩინოსნებზე დაწესებული ერთ-ერთი პირველი სანქციების ავტორი, ამბობს, რომ კრემლის მიერ სანქცირებულთა სიაში ყოფნა დიდი პატივია. ვაჟა თავბერიძე კაილ პარკერს რუსეთ-უკრაინის ომზე დასავლური დახმარებისა და სანქციების გავლენის გარდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო სარისკო პერსპექტივაზეც ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა დევს დღეს სასწორზე დასავლეთისათვის უკრაინაში?

კაილ პარკერი: ძალიან ბევრი რამ. უამრავი რამ შეიცვალა ევროპისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სამყაროში 24 თებერვლიდან და ვფიქრობ, ამ ძირეული ცვლილებების სრულ მასშტაბებს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. საფრთხე იმაშია, რომ ომი შეიძლება მანამ დამთავრდეს, სანამ გვეცოდინება, რად „დაგვიჯდა“ ის. არ მგონია, რომ სრულად გვაქვს გააზრებული, რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენთვის უკრაინის დამარცხება ამ ომში, სანამ ეს არ მოხდება. ვიმედოვნოთ, რომ არც არასოდეს მოხდება. მაგრამ თუ ამას დავუშვებთ, მერე გვიანღა იქნება თითზე კბენა და ვიშვიში, რომ არ მოგვწონს ის ახალი სამყარო, რომელში ცხოვრებაც მოგვიწევს. და მომენტი (ეტაპი?), როცა შეგვიძლია, ამ არასასურველი, ტოტალიტარული მომავლის სამყაროდან თავის დაღწევა, არის დღეს, ახლა. მეტიც, ის შეიძლება გუშინ იყო.

“[პუტინს]იმედი აქვს, რუსი ხალხი იმ „რესტორნის ჩეკს“ არ დახედავს, რომლის გადახდაც მათ მომავალში მოუწევთ, , და რომელიც მათ სწორედ პუტინმა მიაჩეჩა ხელში.“

რადიო თავისუფლება: თუ ამდენი რამ დევს სასწორზე, მაშინ ისმის კითხვა - საკმარისს აკეთებს კი კოლექტიური დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად? იღებს უკრაინა იმ დახმარებას დასავლეთისგან, რაც მას სჭირდება ამ ურთულეს ეტაპზე და რაც მთავარია, რასაც ის იმსახურებს?

კაილ პარკერი: არა, დასავლეთი საკმარისს არ აკეთებს და არა, უკრაინა არ იღებს იმას, რასაც იმსახურებს, და რისი მოლოდინის უფლებაც აქვს. საინტერესო კითხვა აქ არის - რატომ? ვფიქრობ, ამას აქვს როგორც კარგი, ასევე არც თუ ისე კარგი მიზეზები. პირველი კატეგორიით დავიწყოთ. უკრაინას ყველაფერი ჭირდება, და ჭირდება დღეს და ახლა - გადარჩენისთვის იბრძვის. უკრაინაში დღეს ძველმოდური, ტრადიციული ომია, ეს არაა ისეთი ომი, რომელსაც ჩვენ, ამერიკელები მივეჩვიეთ 11 სექტემბრის შემდეგ - ომი, სადაც ოპონენტს ავიაცია და ტანკები არ ყავს. ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენ, დასავლეთმა რატომღაც, შეცდომით და ალბათ გულუბრყვილოდაც, „ჩამოვწერეთ“, როგორც წარსულის გადმონაშთი. ეს ერთ-ერთი მიზეზია - გამაღიზიანებელი, მაგრამ ამავდროულად გასაგები მიზეზი. მეორე ასეთივე მიზეზია ის, რომ ამ რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უზარმაზარი, რთული ლოგისტიკური ოპერაციაა.

რაც შეეხება ნაკლებად გასაგებ მიზეზებს - მათ შორისაა დასავლელი პოლიტიკოსების მიერ თავიანთ თავთან გამართული ბჭობანი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „ეს რუსეთს კიდევ უფრო ხომ არ გააღიზიანებს? ჩვენი მხრიდან ესკალაციად ხომ არ ჩაითვლება?“ ისინი რუს დიქტატორს უფრთხიან. ვფიქრობ, არასწორ კითხვას სვამენ - ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ამ კონფლიქტში მხოლოდ რუსეთის ანგარიშზეა, დაწყებული 2014 წლიდან. რუსები მაშინ იმასაც კი იტყუებოდნენ, რომ საერთოდ იყვნენ უკრაინაში, და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდნენ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას. რატომღა? - რუსეთსა და რუსულ დანაყოფებს არაფრის უნდა შეშინებოდათ, თუ ისინი იქ არ იყვნენ. დღეს, იმისთვის რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი და ახლად ოკუპირებული ტერიტორიებიც დაიბრუნოს, აუცილებელია რუსული ჯარის ლოგისტიკას „კუდი წააწყვიტონ“ - ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, საწვავის საწყობებს ისეთ [რუსულ] ქალაქებში, როგორიცაა ბელგოროდი, რომელიც ახლოსაა ხარკოვთან. ესენი სავსებით ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია.

„ეს აშშ-ის შეკავებისა და პრევენციის პოლიტიკის მონუმენტური ჩავარდნა იყო. ამერიკის მანტრა დიდი ხანია არის - მთლიანი, თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა. ამ გადმოსახედიდან, ეს სრული ფიასკოა. ეს არის გაეროს ფიასკო, ეუთოს ფიასკო, მთელი უსაფრთხოების არქიტექტურის ფიასკო.“

რადიო თავისუფლება: ერთ კონკრეტულ პრეცედენტზე მინდა გკითხოთ. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებაზე, როდესაც მან თქვა: „უკრაინის პრეზიდენტმა ყური არ დაუგდო გაფრთხილებებს, რომ რუსეთი შეჭრას აპირებდა“. ვთქვათ, ეს მართლაც ასეა. ალბათ ვთანხმდებით, რომ ზელენსკის ძვირად დაუჯდა ეს შეცდომა. მაგრამ მთლად უზადო პრინცივით არც პრეზიდენტი ბაიდენი გამოიყურება ამ სიტუაციაში - რადგან თუ მან და ამერიკულმა დაზვერვამ დანამდვილებით იცოდნენ, რომ რუსეთი შეჭრას აპირებდა, უფრო მეტად არ უნდა დახმარებოდნენ უკრაინას? მაშინ არ უნდა მიეცათ ის შეიარაღება, რასაც დღეს აძლევენ?

კაილ პარკერი: რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა თითის გაშვერა არაფერს გვარგებს. რეალობა ისაა, რომ ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, მთელი მსოფლიო შოკში იყო, როდესაც 24 თებერვალს გავიღვიძეთ. საუკეთესო ანალიტიკოსები და დაზვერვის ექსპერტებიც კი შოკში იყვნენ, გაოგნებული იყო ბევრი რუსიც. ეს იმდენად დიდი, მონუმენტური კატასტროფა იყო, რომ ხალხის უმეტესობა უყურებდა და ფიქრობდა: არა, შეუძლებელია ეს ხდებოდეს... ასე რომ ნიშნის მოგების ფუფუნება არავის აქვს - არავინ გამოიყურება კარგად ამ სიტუაციაში, ვინაიდან ყველა ჩაფლავდა. ეს იყო ამერიკის შეკავებისა და პრევენციის პოლიტიკის მონუმენტური ჩავარდნა. ამერიკის მანტრა დიდი ხანია არის - მთლიანი, თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა. ამ გადმოსახედიდან, ეს სრული ფიასკოა. ეს არის გაეროს ფიასკო, ეუთოს ფიასკო, მთელი უსაფრთხოების არქიტექტურის ფიასკო. ყველა ის ინსტრუმენტი, რაც დასავლეთმა შეიმუშავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსგავსი სცენარების თავიდან ასარიდებლად, საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ომის შესაჩერებლად.

რადიო თავისუფლება: პუტინზე გკითხავთ - რას გამორჩა ის დასავლეთსა და უკრაინას ამ ომში, რით შეუძლია დაიტრაბახოს?

„რუსეთი სანქციებისგან შვებას მანამ ვერ იგრძნობს, სანამ პუტინი კრემლშია და რუსეთს მართავს... თუ პუტინი არ იქნება, მაშინ შევუმსუბუქებთ რუსეთს სანქციებს? - აი, ამაზე ღირს მსჯელობა“

კაილ პარკერი: ბევრი ვერაფრით. მისი მოკლევადიანი წარმატებები არაფერს ნიშნავს, მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში რას გამორჩება. თუ დანაკარგებს შევხედავთ, თუნდაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლები რომ ავიღოთ - ისიც კი ბევრად მეტ დანაკარგებზე მიანიშნებს, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰქონდა ავღანეთში ათწლიანი ომის შედეგად. დაუმატეთ ამას ზარალი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას, პრესტიჟსა და გავლენას მიადგა და კიდევ ერთი რამ, რაც ვფიქრობ, ჯერ სათანადოდ არ ფასდება - რუსეთის სანდოობა. გამოვაკლოთ ამ ომს მორალური განზომილება და შევხედოთ, რამდენად სანდო მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს რუსეთი, როგორც იარაღის ან ენერგორესურსების მიმწოდებელი. ეს შემოსავლის ორი მთავარი წყაროა რუსეთისათვის. ამ ომმა დაიწყო დასავლეთის ჩამოშორება რუსული გაზისა და ნავთობისგან და როგორც არ უნდა დამთავრდეს იგი, იმ ნიშნულს ვერ დავუბრუნდებით, რაც მანამდე იყო. ამას დაუმატეთ სანქციები, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება.

რადიო თავისუფლება: თუ პუტინი ვერ მოახერხებს, სანქციები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში „გაგვიცვალოს“.

კაილ პარკერი: ეს ძალიან დიდი თუ-ა. ვფიქრობ, რუსეთი სანქციებისგან შვებას მანამ ვერ იგრძნობს, სანამ პუტინი ჯერ კიდევ კრემლშია და რუსეთს მართავს. აქ მარტო ცეცხლის შეწყვეტაზე არაა საქმე, საკითხი დგას ასე - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დანგრეულის აღდგენა და ზარალის ანაზღაურება- რეპარაციები. და გასაგებია, რომ ძნელი იქნება რუსეთის იძულება, რომ კომპენსაცია გადაიხადოს, მაგრამ შეგვიძლია ეს სანქციების მოხსნის ერთ-ერთ წინაპირობად ვაქციოთ. მოკლედ არა, არ მგონია, რომ პუტინი მოახერხებს, სანქციების უღელი შეიმსუბუქოს. პუტინის გარეშე? თუ პუტინი არ იქნება, შევუმსუბუქებთ რუსეთს სანქციებს? - აი, ამაზე ღირს მსჯელობა, თუ აქამდე მივა საქმე. და საქმე აქამდე მივა - პუტინი მარადიული არ არის.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კი ცდილობს ამას.

კაილ პარკერი: მართალია. მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ პუტინის მმართველობის წლების უმეტესობას უკვე მოვესწარით.

„თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემოქმედებს მხედველობიდან გამორჩებათ დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ამან საბოლოოდ შესაძლოა საქართველოში ამერიკის გავლენა დააბრკოლოს (constrain U.S. influence in Georgia), მაგრამ ამავდროულად, ეს უკუსვლა შეამცირებს ამერიკის კეთილგანწყობასაც“

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ პუტინი ბევრი ვერაფრით მოიწონებს თავს - ის ახლა უკრაინის ტერიტორიის მეხუთედს აკონტროლებს, ომამდელ 7 პროცენტთან შედარებით. და რელიგიაზე ციტატის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ - რუსი ამომრჩევლისთვის, როგორც ჩანს, მიწა ოპიუმის ტოლფასია. ასე რომ პუტინი ამით მაინც დაიტრაბახებს - შიდა აუდიტორია ბედნიერი ეყოლება, რაც ნიშნავს, რომ მის თუნდაც არამარადიულ მმართველობას საფრთხე არ ემუქრება...

კაილ პარკერი: ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს ის დანაკარგები, რომელთა გაღებაც პუტინს აიძულეს მოკლევადიანი [ტერიტორიული] მონაპოვრების გამო. ჯერ კიდევ საკითხავია, შეძლებს თუ არა ის მათ გრძელვადიან მონაპოვრად გარდაქმნას-და მოხვეჭილი მიწები უნდა აღადგინოს და მართოს და ზოგი, ყალბი და შეურაცხმყოფელი გზით, უნდა დაიკანონოს კიდედ. ჯერ არაფერს ამგვარს არ უჩანს პირი. რუსეთი პროპაგანდის მიერ მართული ქვეყანაა და იმის თქმაც კი რთულია, თუ რამდენად ეფექტური ოპიუმი გამოდგება ეს ტერიტორიები რუსი ხალხისთვის. შეხედეთ მარიუპოლს. შეხედეთ დონბასს, რომელიც უკვე ათი წელია, რუსების ხელშია - როგორ განვითარდა იგი? აქვს ეკონომიკური წინსვლა? პირიქით.

როდესაც პუტინი პეტრე პირველზე ლაპარაკობს, თუ როგორ წაართვა მან მიწები შვედებს და თავად შემოიმტკიცა - ის რუსეთს და რუსებს ამისთვის ამზადებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინი არ არსებობს. ის დღეს არის, შეიძლება ხვალ და ზეგაც იყოს - მოკლევადიან პერსპექტივაში. ამიტომ ცდილობს, მოკლევადიანი მონაპოვრები შეასაღოს რუსებს წარმატებად, და იმედი აქვს, რუსი ხალხი იმ „რესტორნის ჩეკს“ არ დახედავს, რომლის გადახდაც მათ მომავალში მოუწევთ, ჩეკისა, რომელიც მათ სწორედ პუტინმა მიაჩეჩა ხელში.

რადიო თავისუფლება: საქართველოზეც გკითხავთ. ყურადღების გადატანამ უკრაინაზე გააჩინა კითხვები - რა ადგილი უჭირავს ამერიკის დღევანდელ დღის წესრიგში საქართველოს? ხომ არ იქმნება განცდა, რომ საქართველო „მიტოვებული პროექტია“? იმავე სიბრტყეში განვიხილებით, როგორშიც უკრაინა ან თუნდაც მოლდოვა?

კაილ პარკერი: შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, ამ ომის გამო საფრთხე ემუქრებათ მოლდოვასაც და საქართველოსაც - ისინი დამოკიდებული არიან უკრაინის ომის შედეგებზე. მაგრამ ახლა სწორება უკრაინაზეა, რის გამოც პოლიტიკური კაპიტალი რეგიონში კიევზე იხარჯება.

რადიო თავისუფლება: ამავდროულად კი დემოკრატიულ უკუსვლას ვხედავთ ერთ-ერთ მათგანში.

კაილ პარკერი: ასეა. და ეს „ერთ-ერთი“ მოლდოვა არ არის.

„ომი შეიძლება მანამ დამთავრდეს, სანამ გვეცოდინება, რად „დაგვიჯდა“ ის. არ მგონია, რომ სრულად გვაქვს გააზრებული, რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენთვის უკრაინის დამარცხება“

რადიო თავისუფლება: არსებობს თუ არა რისკი, რომ ეს უკუსვლა მხედველობიდან გამორჩებათ, როდესაც ყურადღება სხვაგან არის გადატანილი?

კაილ პარკერი: დიახ, რისკი არსებობს, და ის არსებობს ორივე მხარისთვის. თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემოქმედებს მხედველობიდან გამორჩებათ დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ამან საბოლოო ჯამში შესაძლოა ამერიკის გავლენა შეამციროს საქართველოში (constrain U.S. influence in Georgia), მაგრამ ამავდროულად, ეს უკუსვლა შეამცირებს ამერიკის კეთილგანწყობასაც, რომელიც მას აქვს მეგობრული ქვეყნისადმი, რომელსაც კრემლის იმპერიული ამბიციები ემუქრება. Წყენა არ უნდა აზიანებდეს მყარ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასეც ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG