Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამდე გაშლით ფეხს და საბანს - ანუ რა დაგიჯდებათ დასვენება ამ ზაფხულს


შავი ზღვის სანაპირო, კვარიათი
შავი ზღვის სანაპირო, კვარიათი

საკვებ პროდუქტზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე, წამლებზე, ბენზინზე და მოკლედ, გაზრდილი ფასები, ცხადია, პირდაპირ აისახა ზაფხულში, დასვენებისთვის გადადებულ ხარჯებზე. ის თანხა, რაც, საკმარისი იქნებოდა შარშან ან შარშან წინ, მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის დასვენებისთვის ზღვაზე თუ მთაში, წელს აღარ გეყოფათ.

დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ გარდა ინფლაციისა, პანდემიის პერიოდში წარმოქმნილმა „ტურისტულმა შიმშილმა“ და დღეს, საკურორტო ბიზნესის, ფაქტობრივად, თავიდან გაცოცხლებამ, კურორტებზე ბინებისა და სასტუმროების ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარე პატარა სოფელ კაპროვანში, თუკი 2020 წელს ერთ კოტეჯს, ღამეში 100 დოლარად დაიქირავებდით, დღეს მისი ფასი 150 დოლარია.

ანუ, დამსახურებული დასვენება მოკრძალებული ხარჯებით წელს ვერ გამოგივათ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ბინაც უნდა დაიქირაოთ, საჭმელადაც კვების ობიექტებს უნდა მიაკითხოთ და ბათუმის კენჭებიან სანაპიროზე პირსახოცის გაშლის ნაცვლად, შეზლონგისკენ უნდა გაგექცეთ თვალი.

ზღვა და შეზლონგი

რაკი ბათუმი, ზაფხულობით მაინც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილი ვახსენეთ, მაშინ, ვთქვათ, დაახლოებით რა თანხა შეიძლება დაუჯდეს მაგალითად, სამ სულიან ოჯახს ამ ზაფხულს ბათუმში ერთკვირიანი დასვენება.

ბათუმი
ბათუმი

თუკი მატარებლით გადაწყვეტთ ზღვაზე წასვლას, მეორე კლასის ბილეთში 25 ლარი უნდა გადაიხადოთ. პირველი კლასის ბილეთში - 60 ლარი. აქვე იყოს ბიზნეს კლასის ფასიც - 100 ლარი. სამარშრუტო ტაქსით ბათუმამდე ჩასვლა ერთ კაცს 25 ლარი დაგიჯდებათ.

თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, თბილისი-ბათუმი თბილისი დაახლოებით 200-250 ლარის ბენზინი მაინც უნდა გაითვალისწინოთ.

ბათუმში ბინების ფასი ღამეში 35 დოლარიდან იწყება და 100 დოლარს სცდება. ყველაზე უფრო გავრცელებული ფასები ბინებზე ღამეში 50-80 დოლარია. ანუ ყველაზე მეტ ბინას სწორედ ამ ფასად იშოვით.

წელს ბათუმში ერთი შეზლონგის დაქირავება 5 ლარი დაგიჯდებათ, მაგრამ თუ მაინც და მაინც, ხუთვარსკვავიანი სასტუმროს, „შერატონის“ გასწვრივ გაშლილ პლაჟზე გადაწყვეტთ შეზლონგზე წამოწოლას, მაშინ შეზლონგში 10 ლარი უნდა გადაიხადოთ. მოკლედ, ათლარიან შეზლონგს რომ დავანებოთ თავი, სამმა ზრდასრულმა ადამიანმა დღეში ერთხელ სამი შეზლონგი რომ იქირაოს, 15 ლარი უნდა გადაიხადოს.

პლაჟზე ჭიქა ყავა, "ამერიკანო" - ერთობ ძვირი, 7 ლარი ღირს.

რა არის ზღვა და ბათუმი აჭარული ხაჭაპურის გარეშე. წელს ისევე როგორც ყველაფრის ფასმა, რაღა თქმა უნდა, მოიმატა აჭარული ხაჭაპურის ფასმაც. სტანდარტულ აჭარულ ხაჭაპურს ძირითადად 14,50 ლარად შეიძენთ. დიდ აჭარულს - 17,50-ად. თუმცა, არის სახაჭაპურეები, სადაც აჭარულ ხაჭაპურში 20 ლარის გადახდაც მოგიწევთ. შარშანდელთან შედარებით, ბათუმში აჭარული ხაჭაპურის ფასი დაახლოებით 3-4 ლარითაა გაზრდილი.

წელს, ბათუმში, საკვებ ობიექტში სადილობა სამ ადამიანს მინიმუმ 50 ლარი დაუჯდება.

ვერც ველოსიპედით სეირნობა დაგიჯდებათ წელს იაფი ბათუმის ბულვარში. ველოსიპედის ერთი საათით დაქირავება, ზრდასრულს 10 ლარი, ხოლო ბავშვს 5 ლარი დაუჯდება. წინა წლებთან შედარებით, ველოსიპედის გასაქირავებელი ფასები დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი.

თუკი ქალაქში ტაქსითაც მოგიწევთ გადაადგილება, როგორც ბათუმელები ამბობენ, ადგილობრივებს ეს დაახლოებით 5-10 ლარი უჯდება. ტურისტებს ორჯერ მეტი.

მთის კურორტები - ბაკურიანი, ბორჯომი, ყაზბეგი...

„ჰაერის გამოცვლის“ მოტივით, განსაკუთრებით ოჯახები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ხშირად უპირატესობას მთის კურორტებს ანიჭებენ. თან მინიმუმ, ორი კვირით მაინც.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტი, მათ შორის, ზაფხულშიც, ბაკურიანია.

ბაკურიანი
ბაკურიანი

წელს ბაკურიანში ოთხსულიან ოჯახს ორი კვირით, ანუ 13 ღამით დაბინავება, სულ მინიმუმ 700 ლარი დაუჯდება. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი შვილი მშობლებმა უნდა დაიწვინონ საწოლში. მეორე - გასაშლელ სავარძელში და ცხადია, საკვებზეც თავად უნდა იზრუნონ.

თუმცა, მაგალითად, 1325 ლარიც რომ გადაიხადოთ, ამ ფასიან ბინაშიც იგივე განლაგებით მოგიწევთ დაძინება, უბრალოდ, შესაძლოა, ბინის რემონტის ხარისხი იყოს უფრო გაუმჯობესებული.

ბაკურიანში 13 ღამის გასატარებლად ყველაზე მეტ ბინას დაახლოებით 1200 -1600 ლარად იშოვით. თუკი უფრო მეტის გადახდის უფლებას მისცემთ თავს, შეგიძლიათ ნახოთ ბინები 2500-დან 4000 ლარამდე - ანუ, მხოლოდ ღამის გასათენებელი, კვების გარეშე.

ამდენივე ღამის სასტუმროებში გატარება საუზმის ჩათვლით, დაახლოებით 4000-დან 6000 ლარამდე დაჯდება.

რაც შეეხება სასტუმროს სამჯერადი კვებით, მაგალითად, ბაკურიანის შემოგარენში, 14 დღითა და 13 ღამით, 18 000 ლარადაც იპოვით.

დაახლოებით იგივე ფასად, 800-1400 ლარად იქირავებს ოთხსულიანი ოჯახი 13 ღამით ბინას ბორჯომში.

ბორჯომი
ბორჯომი

სასტუმროს საუზმის ჩათვლით კი 4000 ლარიდან.

ბინების პოვნა გაგიჭირდებათ ყაზბეგში. თუმცა, შეგიძლიათ ნახოთ, ე.წ. გესთ ჰაუზები, რომლის ფასებიც ბაკურიანისა და ბორჯომისგან განსხვავებით, უფრო მაღალია.

ყაზბეგი
ყაზბეგი

ოთხსულიან ოჯახს 13 ღამით ყაზბეგში, გესთ ჰაუზში დასვენება, სადაც კვება არ არის გათვალისწინებული, მინიმუმ 2500 ლარიდან დაუჯდება.

რაც შეეხება სასტუმროებს საუზმისა და ცხენით სეირნობის ჩათვლით, მათი ფასები 5000 ლარიდან იწყება და 10 ათასს სცდება. გააჩნია, რამდენ ვარსკვლავს ამოითვლით სასტუმროს შესასვლელის დაფაზე.

პარაპლანით ფრენასაც თუ გადაწყვეტთ, მაშინ ერთი კაცზე 300 ლარის გადახდა მოგიწევთ.

მოხევურ ხინკალსაც თუ გინდათ გაუსინჯოთ გემო, ერთი ცალი მოხევური ხინკლისთვის 1,50 ლარი უნდა გაითვალისწინოთ.

თბილისთან ახლოს გასეირნება - დასვენება

თუკი „ჰაერის ფუნდამენტური გამოცვლა“ არ შედის თქვენს გეგმებში და ზღვაც ძალიან შორ სიამოვნებად გეჩვენებათ, თბილისთან შედარებით ახლოსაც შეიძლება მისცეთ საკუთარ თავს „განიავების“ შესაძლებლობა, თუმცა, იაფიაო, ცხადია, ვერც ამ „განიავებაზე“ იტყვით.

ამ სეზონზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოსანახულებელი ადგილი, თბილისთან მეტ-ნაკლებად ახლოს, დაახლოებით 90 კილომეტრში, წალკაში, დაშბაშის კანიონია.

დაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი

დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი სტანდარტული ბილეთის ფასი ერთ კაცზე 29 ლარი დაგიჯდებათ. თუკი ბაიკ-ლაინით გასეირნებასაც გადაწყვეტთ, მაშინ პლიუს 120 ლარიც უნდა გადაიხადოთ.

და თუკი საკუთარ თავს უფლებას მისცემთ და კანიონის ტერიტორიაზე აშენებულ კოტეჯში გაათენებთ ღამეს, მაშინ ამისთვის 150 დოლარიც უნდა გაითვალისწინოთ. კარგი ისაა, რომ ეს კოტეჯი ხუთ ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, ამ ფასში კვება არ შედის.

კარავში...

და ბოლოს, თუკი დასვენებისთვის, მაინც და მაინც, აგურითა თუ ბლოკით ნაშენი კედლები არ გჭირდებათ და მზად ხართ, რომ ოჯახთან ერთად თუნდაც რამდენიმე ღამე კარავში, სუფთა ჰაერზე გაათენოთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საკენპინგე ადგილების არც თუ მცირე არჩევანია. მაგალითად, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთი საუკეთესო საკემპინგე ადგილად ითვლება ბატეთის ტბა. ცხვარიჭამია და საბადურის ტყე.

ამ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ თუ კარვები ჯერ არ გიყიდიათ, მათი ფასები 150 ლარიდან 650 ლარამდე მერყეობს. დაახლოებით 150-დან 250 ლარამდე ღირს საძილე ტომრები.

ამ ყველაფრის დადებითი მხარე კი ისაა, რომ ერთხელ შეძენილი კარავი და საძილე ტომარა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გიერთგულებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG